† მრწამსი †
ორშაბათი, 30.12.2024, 20:11

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსაოთხუპაშაკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 418

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2010 » ივნისი » 10 » სულის უკვდავება ფილმი მამა გაბრიელზე
სულის უკვდავება ფილმი მამა გაბრიელზე
13:44
ნახეთ ფილმი სრულად.
 
ფილმში აღწერილია მამა გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრება, გამოყენებულია მისი ხმა, მამა გიორგი (ბასილაძის) საუბრები. მამა ნიკოლოზი(შაქარაშვილი)..
ნახეთ საინტერესო ბროშურა და სტატია სრულად ნახვაში
 
 
www.mrevli.ge. ფილმი აღწერს თანამედროვეობის მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი მოღვაწის მამა გაბრიელის ცხოვრებას. მამა გაბრიელის შესახებ ჰყვებიან ის ადამიანები რომელნიც პირადად იცნობდნენ მას. (შემოკლებული ვარიანტი)
 
 
 
 
 
 
 

ფილმი დახვრეტამისჯილ ბერზე და მის სასწაულებზე
მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, მამა გაბრიელის მოკრძალებულ საფლავზე ჩაუქრობლად ანთია კანდელი. მისგან ამოღებულ ზეთს სასწაულმოქმედი კურნების ძალა აქვს. მისთვის აქ უამრავი ადამიანი მოდის. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ამ უჩვეულო ზეთით ისეთი დაავადებებიც იკურნება, რომელთა წინაშე მედიცინა უძლურია. დედა პარასკევასთან მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი ინახება. მას ადამიანები ეამბორებიან. მამა გაბრიელის საფლავზე წელიწადის ყველა დროს ხარობენ ზიზილები – ყვავილები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მხოლოდ გაზაფხულზე ყვავიან.
გულთამხილავ ბერს სიცოცხლეშივე ხელეწიფებოდა ლოცვით და ხელის შეხებით კურნება, ადამიანის აზრების წაკითხვა. ის არ იყო ჩვეულებრივი ბერი, იყო სალოსი. სალოსური მოღვაწეობა სულიერების სფეროში ყველაზე აღმატებულად ითვლება. სალოსი შეურაცხადის ნიღბით ღვთისადმი თავის სამსახურს მალავს. ასეთი მოღვაწეობის გაგება, როგორც ამბობენ, დიდი სულიერ ხედვის გარეშე შეუძლებელია. კომუნისტური რეჟიმის ხანაში ექიმებმა შიზოფრენიის დიაგნოზიც დაუსვეს – ყოველ წინადადებაში ღმერთს ახსენებს და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებსო.
"ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა", – ხშირად ამბობდა მამა გაბრიელი. ამ აზრით შთაგონებულმა ახალგაზრდობაში თავის ეზოში ეკლესია ააშენა. იმ ეპოქაში ხელისუფალნი ეკლესია–მონასტრებს ხშირად ანგრევდნენ, სასულიერო პირებს ფიზიკურად ანადგურებდნენ. მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მამა გაბრიელსაც მისდგომია. გაბრიელი უსიტყვოდ მიმხვდარა მათი სტუმრობის მიზანს და უთქვამს, მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ, დაანგრიეთო. შეშინებულები გაბრუნებულან და მუშები მოუყვანიათ. "ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი", – მამა გაბრიელის ამ სიტყვებს ისინი კიდევ უფრო დაუფრთხია და უკეთურ განზრახვაზე თავისივე ნებით ხელი აუღიათ.
ცნობილი ფაქტია: 1965 წელს თბილისში, საპირველმაისო დემონსტრაციის დროს, ტრიბუნაზე მყოფი კომუნისტური მთავრობის თვალწინ გაბრიელ ბერმა ლენინის 12 მეტრიან სურათს ცეცხლი წაუკიდა იმ მოტივით, რომ თაყვანისცემა უფალს ეკუთვნის და არა – ამ სურათს. დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს, ბრძანებაც მოვიდა მოსკოვიდან, მაგრამ ხელი ვერ ახლეს. უფალმა მითხრა, აქედან შვიდ თვეში გაგიყვანო, ამბობდა მამა გაბრიელი და მართლაც, შვიდ თვეში გაუთავისუფლებიათ.
ჯერჯერობით ეკლესიურად მამა გაბრიელი წმინდანად არ არის აღიარებული, მაგრამ მასთან დაახლოებულ, უფლის სამსახურში მდგომ პირებს სჯერათ, რომ იგი წმინდანად თვით უფალმა შერაცხა.
"მოეხმარენით გაბრიელს წესის დაცვაში. მან იცოდა, რას ამბობდა. გაბრიელის ქადაგებებს განგიმარტავთ ის, ვისაც ყველაზე მეტად ესმის მისი, ვინც თავად გაბრიელის გამოზრდილია", – მამა გიორგი ბასილაძის სიტყვებით იწყება სტუდენტური დოკუმენტური ფილმი "სულის უკვდავება", რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინოხელოვნების შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაიღო. ფილმი გაბრიელ ბერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. მისი პრემიერა კინოს სახლში შედგა. მასთან ერთად გაიმართა მამა გიორგი ბასილაძის წიგნის – "თავნი და ბოლონი იტყვიან" პრეზენტაციაც. ღონისძიებამ ანშლაგით ჩაიარა. ფილმის გადაღება ექვს თვეს გრძელდებოდა. გადამღებმა ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოინახულა ადამიანები, ვისაც გაბრიელ ბერთან პირადი შეხება ჰქონდა და მათგან საინტერესო მასალა შეკრიბა. ამ თემაზე "სარკე" ფილმის ოპერატორ თორნიკე ზიზიაშვილს ესაუბრა.
თორნიკე ზიზიაშვილი:
– ფილმის გადაღების იდეა ჩვენი ჯგუფის ერთ–ერთ წევრს, თეონა თოდაძეს, მამა გაბრიელზე წიგნის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა. გადამღებ ჯგუფში ოთხნი ვიყავით: სამი რეჟისორი გოგონა – თეონა თოდაძე, მაგდა მარიდაშვილი, ნინო ტაბატაძე და მე. გადაღებები მიმდინარეობდა ქუთაისში, ბათუმში, კასპში. შევხვდით მამა გიორგის მოწამეთაში, მეუფე ილარიონს, მამა ნიკოლოზს, გაბრიელ ბერის დებს – ემას და ჯულიეტას, მონაზვნებს და ბევრ საინტერესო პირს. ფაქტობრივად ჩვენმა მუშაობამ კვლევითი ხასიათი მიიღო. გვქონდა ფინანსური შეფერხებებიც.
– თორნიკე, გვესაუბრეთ მამა გაბრიელის რომელიმე სასწაულის შესახებ, რაც გადაღების დროს შეიტყვეთ.
– მასთან დაახლოებულმა საერო პირმა ოთარ ნიკოლაიშვილმა (მამა გაბრიელზე წიგნების ავტორია) გვიამბო: ერთხელ მამა გაბრიელმა მას მარტყოფის მამათა მონასტერში ასვლა შესთავაზა. ბატონმა ოთარმა მიუგო, რომ მანქანა გაუმართავი იყო, დიდ აღმართზე ასვლა გაუჭირდებოდა და შუა გზაში გაჩერდებოდა. მაშინ განაწყენებულმა მამა გაბრიელმა უთხრა, განა არ იცის გაბრიელ ბერმა, რას ამბობსო. ოთარმა გულში გაიფიქრა, თუ არ დამიჯერებ, სადღაც გზაში გავჩერდებით და ტყეში მოგვიწევს ყოფნაო, მაგრამ ხათრი გაუწია და მანქანა მაინც მომართა. გზაში დროდადრო მანქანა ქრებოდა, ვეღარ მიდიოდა. უცბათ გაზის "პედალი" ჩავარდა და მანქანამ ძალიან სწრაფად იწყო სვლა. უკან არ მიიხედოო, მიმართა მამა გაბრიელმა ოთარს. ამ აკრძალვამ კაცს ინტერესი აღუძრა, ცოტაც და თვალი გაეპარებოდა სარკეში, რომ მამა გაბრიელმა დასძინა, უკანა სავარძელში ანტონ მარტყოფელი გვიზისო. ბატონ ოთარს, როგორც თავად ამბობს, თმები ყალყზე დაუდგა. მარტყოფში მამათა მონასტრის ჭიშკარი ყოველთვის დაკეტილი იყო, მათ კი ღია დახვდათ. შევიდნენ თუ არა მონასტრის ეზოში, მანქანა ჩაქრა.
– როგორც ცნობილია, მამა გაბრიელს ადამიანის აზრების წაკითხვა შეეძლო. ამასთან დაკავშირებით რა კონკრეტული მასალა მოიპოვეთ?
– მისმა მრევლმა, ქეთევან ბექაურმა გვიამბო: ერთხელ იგი ჯვრის მონასტრის გარშემო მთებს უყურებდა და უცებ მამა გაბრიელი მიუახლოვდა. ქეთევანმა გაიფიქრა, ნეტავ, მამა გაბრიელი ამ მთებს ჩემი გულისთვის თუ გადასწევსო. მისი ფიქრის პასუხად მამა გაბრიელმა მიუგო, ისეთი ძალა მაქვს მარჯვენა ხელში, პირჯვარს გადავსახავ და მთა გადაიწევა, გადმოვსახავ და ისევ თავის ადგილას დადგებაო. ქეთევანს ჯერ შეეშინდა, მთის გადაადგილებით მონასტერი არ დაზიანებულიყო, შემდეგ ბერის ნათქვამში ეჭვი შეეპარა, თუმცა მამა გაბრიელისთვის არაფერი უთქვამს, ისე გახედა. ბერი ტიროდა, რატომ არ გჯერათ ჩემი, სასწაული ის არის, სინამდვილეში რას უჭირავს დედამიწა ჰაერში, ძროხა მწვანე ბალახს რომ ძოვს და რძე თეთრიაო. მერე სენაკში შევიდა და კარი გაიხურა.
– ფილმის გადაღებისას ქვეშეცნეულად მამა გაბრიელის შეწევნა თუ გიგრძვნიათ?
– ეს კითხვა ხშირად დაუსვამთ. ძალიან რთულ მომენტებში ვგრძნობდით ხოლმე. თავდაპირველად მცხეთის დედათა მონასტერში კამერით ხელში რომ გავიარეთ, ერთმა მამაკაცმა გამოგვკითხა, საიდან ვიყავით. რიგითი ცნობისმოყვარე გვეგონა და ხელი ჩავიქნიეთ. აღმოჩნდა, რომ ის იყო თბილისელი გია ბარდაძე, მამა გაბრიელთან დაახლოებული პირი. მან დაგვაკვალიანა, ვისთან უნდა მივსულიყავით საინტერესო მასალის მოსაპოვებლად. დიდი დახმარება გაგვიწია, თითქოს შემთხვევითი არ იყო, რომ შეგვხვდა. გადაღების დროს ფინანსური პრობლემის წინაშე დავდექით და მხარდაჭერის თხოვნით მრავალ ცნობილ ფირმას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. "ნატახტარის" ოფისში რომ დავრეკეთ, იმედი უკვე გადაწურული გვქონდა. მოულოდნელად მისი მენეჯერი დახმარებაზე დაგვთანხმდა და გადაღებაც განვაგრძეთ. ფაქტობრივად მათი ხელშეწყობით შევძელით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩასვლა. ჩვეულებრივ, როდესაც ფილმის გადაღების პროცესი ამდენ ხანს იწელება, ცხადია, გადაღლას გრძნობ, მით უმეტეს, როცა ყოველდღე გადიხარ "ლაშქრობაში". ამ შემთხვევაში ასე არ იყო. გამოვიფიტებოდით და კვლავ ახალი ენერგია, სტიმული მოდიოდა. ერთხელ, გადაღების პერიოდში, მამა გაბრიელი მესიზმრა. სადღაც სახლის ნანგრევები იყო, ოთახში იწვა, კარი იღებოდა და ხალხი შედიოდა, მე ვერ შევდიოდი. არ ვიცი, რა მაკავებდა. კარი რომ იღებოდა, მამა გაბრიელი მე მიყურებდა. უცნაური სიზმარი იყო. მამა გაბრიელი თეონა თოდაძესაც დაესიზმრა.
– გადაღების დროს კვლევებსაც ეწეოდით. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– ჩავედით კაკაბეთში, საიდანაც მამა გაბრიელი იყო წარმოშობით. სამწუხარო ის იყო, რომ ადგილობრივებმა საერთოდ არაფერი იცოდნენ მისი ვინაობის შესახებ. გვარი "ურგებაძე" (მამა გაბრიელი გვარად ურგებაძე იყო) დღესდღეობით მარგებაძეებად გადაუკეთებიათ. მოხუცმა ხალხმა გულდაწყვეტით გაგვიმხილა, გვეუბნებოდნენ, ურგები ხართო და გვწყინდა, ამიტომ მარგებაძეები გავხდითო.
– თორნიკე, გაბრიელ ბერის სულიერ მემკვიდრესთან, მამა ნიკოლოზთან დაკავშირებით რა საინტერესო მასალა მოიპოვეთ?
– ბათუმში მამა ნიკოლოზის მამისეულ ოჯახში ვიყავით და მის დედასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. ერთხელ მამა ნიკოლოზი სვეტიცხოველში დაწვა და საკვები აკრძალა – შიმშილობდა. ხანგრძლივი დროის შემდეგ მის მშობლებს დაურეკეს, თქვენი შვილი ცუდად არის, არც ჭამს და არც სვამსო. დედამისი მყისვე მცხეთაში ჩავიდა. სურვილი ჰქონდა, გაბრიელ ბერთან ეჩხუბა, ჩემს შვილს რას უშვრებითო, მაგრამ, როდესაც ოთახში, ხატების გარემოცვაში, ხის ტახტზე მჯდომი მამა გაბრიელი იხილა, უჩვეულო მოწიწებით აღივსო და სიტყვა ვერ დაძრა. თავად მამა ნიკოლოზიც ვინახულეთ და მეუფე ილარიონიც. ამ ადამიანებს დუმილის აღთქმა აქვთ დადებული.
– მეუფე ილარიონთან კონტაქტში როგორ შეხვედით? ამბობენ, რომ მნახველებს იშვიათად ღებულობს.
– დეკემბერი იყო. ძალიან ციოდა, კასპში რომ ჩავედით. მეუფე პატარა ფიცრულში ცხოვრობს, რომელიც პირდაპირ მიწაზე დგას, იატაკიც არ ეგო. ჰქონდა ერთი ნათურა და პატარა ელექტროღუმელი. ვიცოდით, რომ მნახველებს ხშირად არ იღებდა, ჩვენ შეგვიპატიჟა. თავიდან, რომ შევედით, ძალიან დავიბენით, ვინაიდან ასეთ სიტუაციაში პირველად მოვხვდით. მამა გაბრიელზე კითხვები დავუსვით. მეუფე ილარიონი ათი წელია არ ლაპარაკობს. ფურცელზე გვიწერდა პასუხებს, თქვენ მხოლოდ ფიზიკურად გაინტერესებთ მამა გაბრიელი და მთავარია, სულიერი მხარე გაიგოთო. მგონი, ცოტა გაგვიბრაზდა კიდეც, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა. თავისი ხელით დაწერილი კალენდრები გვაჩუქა.
– მამა გაბრიელის უცნაურობებზე ბევრს ყვებიან, თქვენ რა შეიტყვეთ?
– უცნაურად იქცეოდა და ლაპარაკობდა. ვერ უგებდნენ, ზოგს გიჟი ეგონა, ზოგს – ლოთი. დედა ივლიტამ გვიამბო: თურმე ბერი გაბრიელი იმ ადამიანებს, ვინც მას ლოთად თვლიდა, ჭიქას რომ მიაწვდიდა, შიგ ღვინის ნაცვლად ალუბლის წვენი აღმოჩნდებოდა ხოლმე. მამა გაბრიელის დამ, ჯულიეტამ გვიამბო: ერთხელ მამა გაბრიელმა ბინა აკურთხა და ანაფორით ეზოში იდგა. მე დამიძახეს მეზობლებმა, შენი ძმა ქვემოთ ურცხვობსო. თურმე მაღაზიის წინ ცარიელ ლუდის ქილას იყუდებდა. ეს საკუთარი თავის დათრგუნვის მიზნით გააკეთა, რათა ხალხს მართლა დიდი პიროვნება არ ჰგონებოდაო – ასე ახსნა მისი საქციელი ქალბატონმა ჯულიეტამ.
– მამა გიორგის წიგნის პრეზენტაცია და თქვენი ფილმის ჩვენება ერთად შედგა. ეს დამთხვევა იყო თუ წინასწარ გამიზნული ნაბიჯი?
– ეს სპეციალურად გავაკეთეთ. თავისებურად ორივე ერთ საქმეს ემსახურება და გვინდოდა, დღესასწაულივით ყოფილიყო. ღონისძიებას უამრავი ხალხი დაესწრო.
– ამბობენ, მამა გიორგიც გულთამხილავი ბერიაო. პირველად როგორ შეგხვდათ?
– ზოგი მამა გიორგის ცოცხალ წმინდანად თვლის, ზოგიც ამ საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებს. მის შესახებ გაგონილი და წაკითხული მქონდა, მაგრამ არ მენახა. მოწამეთაში შევხვდით. გვითხრა, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისაც მე აქ ველოდებოდი და კარგ დროს მოხვედითო. როდესაც კამერით ვიღებდი, მოულოდნელად მკითხა, ახლა შენ არაფერს გრძნობო. რას უნდა ვიგრძნო–მეთქი. საერთოდ არაფერს გრძნობ, დიდი კაცი ხარ შენო. გამიკვირდა, ჩემთვის ასეთი რამ არავის უთქვამს. გაგონილი მქონდა, მამა გიორგის რომ უღებდნენ, კადრები ფუჭდებოდა, ხარვეზები ჰქონდა ან სურათი გამოდიოდა სულ შავი. საბედნიეროდ, ჩემი გადაღებული კადრები კარგი გამოვიდა, მცირე ხარვეზიც არ ჰქონია.
– მის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით სხვა რა გსმენიათ?
– მამა გიორგისთან ასულან მოწამეთაში და იმ დროს ცაზე ვერტმფრენს გადაუფრენია. სამ თვეში დაგვარტყამენო, თავისთვის ჩაულაპარაკებია მამა გიორგის. მაშინ ამ სიტყვებისთვის არავის მიუქცევია ყურადღება, ზუსტად სამ თვეში, აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მერე დაიწერა ეს ყველაფერი. გაბრიელ ბერის მოწაფემ, მამა ნიკოლოზმაც იწინასწარმეტყველა იგივე. მას დუმილის აღთქმა აქვს დადებული. იმავე პერიოდში მასთანაც ახლობლები იყვნენ მისული. თითებით სამი თვე დაგვითვალა და ხელით გასროლის იმიტაცია გააკეთაო. ეს ფაქტიც წიგნში დაიწერა.
– თორნიკე, რა გრძნობაა, როცა წმინდანობამდე ამაღლებულ ადამიანთან გაქვს შეხვედრა?
– როდესაც სცილდები, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობ, მთელი სამყაროს მიმართ სიყვარულით იმსჭვალები... სიტყვებით ვერ აღვწერ, თავად უნდა განიცადო. მამა გიორგი ბევრს გვესაუბრა, ძირითადად საქართველოზე და სულიერებაზე. მის ნათქვამს თავიდან ვერ ხვდები, მერე თანდათან იგებ. 3–4 საათი ისე გავიდა, დაღლა არ გვიგრძნია. მთელი ამ დროის განმავლობაში ფეხზე ვიდექით და ვუსმენდით. ღვინო დაგვალევინა, შავი პური გვაჭამა, გვაზიარა კიდეც. ეს ყველაფერი ისე უბრალოდ მოხდა, ბოლოს მივხვდით, რომ თურმე გვაზიარა. მისი საუბრიდან ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარი იყო, მერე ჩანაწერს დიდხანს ვუსმენდით, მაგრამ სათანადოდ ვერ გავშიფრეთ. ალბათ ჯერ ადრეა ჩვენთვის. ჩანაწერი შენახულია და ალბათ დროთა განმავლობაში მის გაშიფვრას შევძლებთ. წყარო http://www.cxz-hackzone.clan.su

ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.
ღმერთი ღრმაა ერთი. ღმერთი არის სიყვარული.
ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის.
მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს.
ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა.
საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც.
ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.
ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს.
პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ მამაო ჩვენო, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.
ყოველი ცოდვა მტრობაა უფლისა. ვის ემტერები, იცი რას გიზამს!?
გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.
ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.
წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან - ტელევიზიით გადასცემენ.
ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.
კატეგორია: ვიდეო მასალა | ნანახია: 4419 | დაამატა: mrwamsi | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024