† მრწამსი †
კვირა, 22.12.2024, 16:21

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსაოთხუპაშაკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 418

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2011 » აპრილი » 26 » სააღდგომო ეპისტოლე 24.04.2011
სააღდგომო ეპისტოლე 24.04.2011
18:56

 
 
სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II
 
 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! გუგუნებენ ეკლესიათა ზარები და მსოფლიოს ამცნობენ, რომ დადგა დღე დღესასწაულთა დღესასწაულისა. `დაემხო ძალი, პირველ სისხლითა მთრვალი~, შეიმუსრა ჯოჯოხეთი, განქარდა ბნელეთის ძლიერება და კაცობრიობა გათავისუფლდა ეშმაკის ტყვეობისაგან. `სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაY შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!~ ქრისტე აღდგა! ეს საოცარი სიტყვები ანგელოზის მიერ პირველად მენელსაცხებლე დედებს ეხარათ, დედებმა მსწრაფლ აუწყეს მოციქულებს, მოციქულებმა _ თავიანთ სამწყსოებს და, აი, უკვე მრავალი საუკუნეა, მილიონობით ადამიანი ხმობს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! მაინც რას ნიშნავს უდიდესი საიდუმლოებით მოცული ეს სასწაული, ანუ რა არის მიზეზი ჩვენი ასეთი ბედნიერებისა? სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი _ ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემომქმედი ღმერთი _ ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდავს მთელ სამყაროს და ყოველივე ქმნულს, რომელიც, თავის მხრივ, მიისწრაფვის მისკენ და ადიდებს მას. ფსალმუნში ვკითხულობთ `აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა; აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი; აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ვარსკულავნი და ნათელნი; აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი... აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაY, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; მხეცნი და ყოველნი პირუტყვნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი~(ფს. 148, 1-4,7-11). ამ ღავთაებრივ ჰარმონიას ურჩობისა და ამპარტავნების გამო თავისი ნებით განეშორა პირველქმნილი ადამიანი; თუმცა შემოქმედს მასზე ზრუნვა არ მიუტოვებია. ეს მდგომარეობა ბასილი დიდმა ასე გამოხატა: `შენ მარადის მწყალობ და მე განგარისხებ, შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ გექმნები, შენ მხადი და მე გელტვი, ესრეთ ყოვლითურთ წინააღმდგომ შენდა არს ცხოვრებაი ჩემი~. და აი, თითქმის 2000 წლის წინ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ყოვლადდაუტევნელმა განკაცება ინება და კაცობრივი ბუნებით სიკვდილს დაექვემდებარა, ჯოჯოხეთში შთავიდა, რათა მართალთა სულნი ეხსნა და კაცობრიობისათვის დახშული ზეციური კარიბჭენი აღეხვნა. რა შეედრება იმ განძს, რაც მან ამ წუთისოფელში დროებით მყოფ თითოეულ ჩვენგანს გვიბოძა?! როგორ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ამ გამაოგნებელი თავგანწირვის, სიყვარულისა და მოწყალებისადმი?! უფალი ჩვენგან არაფერს ითხოვს, ოღონდ ჩვენივე გადარჩენისთვის გვთავაზობს, ჩავჭიდოთ ხელი მის მხსნელ მარჯვენას და ჩვენი გული და სული მისკენ მივმართოთ, რათა ღვთის მადლით ცოდვის ჭაობს განვეშოროთ და შიგ არ დავინთქათ. ამ სასწაულთა სასწაულს ვზეიმობთ ახლა. ამიტომაც სიხარულითაა მოცული დედამიწა; ჩვენს გამო ხარობს ყოვლადწმიდა სამება და ანგელოზთა დასი, რადგან ხორციელი სიკვდილი აღარ არის მხოლოდ ჯოჯოხეთის კარიბჭე, არამედ იგი მორწმუნეთათვის წარუვალ ნეტარებაში აღმყვანებელ საშუალებად იქცა. ამიერიდან ესა თუ ის პიროვნება ან ეშმაკის და მისი ანგელოზების ხვედრი შეიქმნება და მარადიული ტანჯვისათვის გაიწირება, როგორც ეს ადრეც იყო, ანდა უფლისა და ანგელოზთა წიაღში დამკვიდრდება. სხვა არჩევანი არ არსებობს. ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ. პაისი ათონელი წერს: `თუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი `მე~-დან და გამუდმებით თავისი თავის გარშემო ტრიალებს,... ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა~. წმიდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ აბსოლუტურად ბოროტი და ცოდვილი კაცი არ არსებობს და რომ ყველაზე უარეს მათგანშიც კი არის რაღაც ნაწილი სიკეთისა. მაგ., თუ მას გულწრფელად უყვარს შვილები, მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, უყვარს თუნდაც ცხოველები ან ბუნება, ე.ი. მასში არის ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც ათბობს და ანათებს მის დაბნელებულ სულს; ყველას ვალია, ეს ნაპერწკალი საკუთარ თავში გააღვივოს და ღვთაებრივ ცეცხლად აქციოს. საერთოდ, ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ. გული არის სულის სავანე, სული კი ¬_ ერთგვარი ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი იღვრება. მადლის სიდიდე ჩვენს პიროვნულ ღვაწლზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის მთავარი დამცველი ჩვენი სინდისია. სინდისი არის ღვთის ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებებისაკენ. მთავარია, ყური დავუგდოთ მას. მაგრამ ადამიანთა ნაწილი სწორედაც რომ საპირისპიროდ იქცევა, _ ცდილობს ჩაახშოს იგი; სხვის დასანახად ვითომ ემსახურება უფალს, გული კი განშორებული აქვს ღვთისაგან. მაცხოვარი ბრძანებს: `არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაისწარმეტყველებდითა?.... და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნით თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მათე 7,20-23). ღმერთმა გვიხსნას ამ მდგომარეობისაგან. და მაინც როგორ მივხვდეთ, ჩვენს გულში ვის უდგას ტახტი? ამის პასუხს სახარება იძლევა: გულში, სადაც ცოდვა და ეგოიზმი ბატონობს, ბობოქრობს ღვარძლი, ავსიტყვაობა, შური, შუღლი, ამპარტავნება და სხვა ვნებანი, იქ უფლის მადლი არ მკვიდრობს. მაგრამ არის გული სიყვარულითა და სიკეთით სავსე, მიმტევებელი, სამართლიანი, მოწყალების გამცემი, სხვაზე მზრუნველი...~. ასე რომ, ძნელი არ არის გავერკვეთ, ვისი მსახურნი ვართ და, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯები. საერთოდ, უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიჭს და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს _ ორს, ზოგს _ ხუთს ან ათს; პასუხისმგებლობაც შესაბამისია: ვისაც ერთი ტალანტი ებოძა, მას ათი ტალანტისა არ მოეთხოვება; მსუბუქია მისი ჯვარი და უფლის წინაშე მისი ვალდებულებაც, ხოლო ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება. მაგალითად, ზოგიერთს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა მართებს, ესაა მისი პასუხისმგებლობა, ნაწილს, _ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, სოფლის ან ქალაქის ხელმძღვანელობა; სხვებს კი მთელი ქვეყნის ტვირთი აწევთ და ამ დონის მსახურება ევალებათ. იერარქიის არსი ქრისტიანობაში, სხვებთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებულია და იგი ქვემდგომებისადმი უანგარო სიყვარულსა და მათთვის ზრუნვას გულისხმობს. უფალი ბრძანებს: ვინც თქვენს შორის მოისურვებს უფროსობას, ის იქნება თქვენი მსახური, ხოლო ვინც მოინდომებს პირველობას, _ ყველას მონა~; და ამის უდიდესი და უთვალსაჩინოესი მაგალითი, პირველ რიგში, თვითონ მოგვცა. ასეთი დამოკიდებულება მოეთხოვება ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მსოფლიოში დღეს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი პიროვნებათა თანასწორობისა და ღირსების დაცვისა სწორედ ქრისტიანულ სწავლებას ეყრდნობა, მაგრამ ზოგიერთთათვის ეს ცნებები უკვე განსხვავებულ შინაარსს ატარებს. რა თქმა უნდა, არსებობს არაქრისტიანული იერარქიული ურთიერთობაც, რასაც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ტირანიას უწოდებს და რაც ზემდგომთა ბატონობასა და ძალადობაზე და ქვეშევრდომთა მონურ ყოფაზეა დამყარებული. ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ურთიერთმიმართების არაქრისტიანული წესი სჭარბობს. მაგალითად, ავიღოთ ქრისტიანული ოჯახი; ეს არის მცირე ეკლესია, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ღვთისადმი და შემდეგ ერთმანეთისადმი გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე, ხოლო, თუ მათ ეს საფუძველი გამოეცალათ, თავს იჩენს ტირანია, რაც ხშირი კონფლიქტის საფუძველი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებას ეზრუნა ოჯახში ქრისტიანული ღირებულების დასამკვიდრებლად, დაიწყეს უკვე დანგრეული ურთიერთობების ხელოვნურად მოგვარება, რაც შედეგს ვერ გამოიღებს და ცოლის და ქმრის ურთიერთობას კიდევ უფრო არასწორი გზით წარმართავს. ოჯახის სიმტკიცისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ელემენტარული სოციალური პირობებისა და ზნეობრივი გარემოს შექმნას. პირველ ფაქტორს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს. ვფიქრობთ, სახელმწიფოსთვისაც და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც სასარგებლო იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ზრუნვა. მე ადრეც მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, ყოვლადაუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, მიწისადმი ხალხისათვის ინტერესის დაბრუნება. კარგი იქნება, თუ ამ პროცესს მთავრობა მხარს დაუჭერს და დოტაციური და მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტებით გაამაგრებს, რაც დასავლეთის ქვეყნებში (მიუხედავად განვითარებისა) დღესაც ხორციელდება. რაც შეეხება ზნეობრივ გარემოს, ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, მის ორიენტაციაზეა დამოკიდებული. სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს. არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით _ მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოქმედებს ხალხზე, დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება... არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე.წ. `სუროგატი დედების~ ინსტიტუტის შექმნა~ უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება ეგოისტური აზროვნების წახალისება. ასეთი ადამიანები მოყვასს მოიაზრებენ მხოლოდ თავისი მიზნების განხორციელების საშუალებად, რაც მადლიერების გრძნობასაც გამორიცხავს და, ამასთან, აყალიბებს ისეთ დამოკიდებულებას, როცა სხვისი გამეტება და სიცოცხლის ხელყოფა ეადვილებათ. თუმცა ცოდვითი ცხოვრების მიმდევართა და პროპაგანდისტთა შორისაც ვხედავ ბევრს ისეთს, რომელნიც, უფლის წყალობით, შეცვლიან თავის ცხოვრების წესს და ჭეშმარიტი სიკეთის მთესველნი გახდებიან. ასეთი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი, მათ სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მაინც ინარჩუნებს ტრადიციულ ღირებულებებს და ქართული იდეის მატარებელნი არიან. საერთოდ, ყველა ერს თავისი იდეა აქვს. რა არის ჩვენი იდეა და რაში ვლინდება იგი? ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით _ ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში. დიახ, უზენაესი ჭეშმარიტებისადმი თავდადება არის ქართული იდეა, ამიტომაც გვიანდერძა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა: `ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა!~ და მართლაც, ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვარცმული ღვთისთვის. პეტრიწონის (ბულგარეთი) ქართული მონასტრის წარწერაც ამაზე მიგვანიშნებს: `ქართველნი ვართ ნათესავნი მხნენი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი~. ქართული იდეის განვრცობის არეალი გიორგი მერჩულემ ასე განსაზღვრა: ქართლად ფრიადი ქუეყანაY აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაY ყოველი აღესრულების~, ხოლო, ენასა ამას შინა `ყოველი საიდუმლოY დამარხულ არს~ (იოანე-ზოსიმე). აქ, არ იგულისხმება ენა, როგორც მხოლოდ მეტყველების საშუალება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერის მსოფლმხედველობის გამოვლინება, რომელიც თავისი მრავალფეროვნების მიუხედავად, არის ერთი და ერთიანი. ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ დროებით დაკარგულ თავის ტერიტორიებსა და ხალხს კი ყოველთვის თავისად მიიჩნევს. ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს ამ სიტყვებში: `სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება~. დიახ, ქართული იდეისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია. ამიტომაცაა მთელი ჩვენი ისტორია უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულება. ქართულ იდეაში ასევე სრული სისავსით არის განხორციელებული ქრისტიანული მცნება მოყვასის სიყვარულისა. ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი ეს დამოკიდებულება: `ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული _ გზად და ხიდად~ (რუსთაველი), რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სიკეთის მსახურებას გულისხმობს. ბოროტ საქმეში მეგობრობა და ერთგულება კი ეშმაკთან თანაზიარებაა. ქართულმა იდეამ საუკუნეთა მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ხასიათი, ჩვენი კულტურა და ყოფა. ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც უფალმა დაუდგინა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს... ოღონდ ეს არის ახალ ისრაელად სახელდებული ერის მსახურება (ცხოვრების წესი) ზეციური იერუსალიმის დასაკვიდრებლად. ასეთია ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა; გზა ძნელი, მაგრამ საამაყო, ვიწრო, მაგრამ გადამრჩენელი, დროებითი ტკივილით დამძიმებული, მაგრამ ქრისტესმიერი მარადიული სიხარულით სავსე. სწორედ ამ სულისკვეთების მქონე პიროვნებები ქმნიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს, ხოლო ის ქართველები, რომლნიც ასეთი წესით არ ცხოვრობდნენ და არ ცხოვრობენ, თავისთავად განეშორებიან ან უპირისპირდებიან მის წიაღს და ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან. ისინი არიან ვაზის ნასხლავნი, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის. ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული იდეისათვის მარტო გენეტიკურ ნიშანს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენოთ მეფე ლუარსაბ დიდის ერთ-ერთი შვილი დავითი და მეფე თეიმურაზ I. ეგოისტური და ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე, დავითი ღვიძლ ძმასაც დაუპირისპირდა და საქართველოსაც, სარწმუნოებაც შეიცვალა და დაუდ-ხანად ქცეული მტრის ინტერესების დამცველი და მათი იდეის განმხორციელებელი გახდა. მაშინ, როდესაც თეიმურაზ I რწმენისა და მამულის დაცვას დედაც და შვილებიც შესწირა და თავისი ცხოვრებაც მუდმივ ბრძოლასა და ტანჯვა-წამებაში გაატარა, ბოლოს კი ბერობაში აღესრულა; მისი ცხოვრება ხალხისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. ასე რომ, ქართული სამყარო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ერის წიაღი, მხოლოდ გენეტიკური ნიშნით არ შემოიფარგლება. სწორედ ეს აზრია ჩადებული ფარისევლებისადმი თქმულ მაცხოვრის ამ სიტყვებში: `უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ..., სიტყუაი ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის..., უკეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთაცა აბრაჰამისთა იქმოდეთ..., თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. ამისთვის არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან~ (იოანე 8, 37,39,44,47). აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქართული იდეის შემოქმედნი იყვნენ არაქართველნიც. მაგალითად, სპარსი რაჟდენ პირველმოწამე და ევსტათი მცხეთელი, ტომით სომეხი დიდებულის ასული შუშანიკ დედოფალი, არაბი აბო, ასურელი წმიდა მამები და სხვანი. სწორედ ქართული იდეიდან მომდინარეობს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობაც, რაც იყო საფუძველი აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ჩვენი ჭირ-ვარამის გაზიარებისა და საქართველოსთვის მსახურებისა. საუკუნეთა განმავლობაში სხვებთან ერთად, ქართული იდეის და ქართული სახელმწიფოს თანაშემოქმედნი იყვნენ აფხაზები. ქართული სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო აფხაზეთი. ამაზე მეტყველებს აქ არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები და წარწერები, ქართველ მეფეთა ტიტულატურა. ამაზე მეტყველებს აფხაზეთში, ბედიის მონასტერში დაკრძალული ერთიანი საქართველოს პირველი მონარქის, _ ბაგრატ III-ის საფლავი. ამაზე მეტყველებს ჩვენს შორის არსებული სისხლისმიერი ნათესაობა და ნათელ-მირონობა... ჩვენ ერთი ღმერთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და საერთო წმინდანების მიმართ ვლოცულობთ. მათი შეწევნით, ვიმედოვნებთ, მტერი ვერ გაგვთიშავს. აფხაზეთის მიტროპოლიტად კათოლიკოს-პატრიარქის დადგინებაც ჩვენი გაყოფის მოსურნეთა საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე განსაკუთრებით ვლოცულობ თქვენთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს უშუალო სამწყსოს _ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, საქართველოს ყველა კუთხის შვილს, ვულოცავ ჩვენს მართლმადიდებელ სამწყსოს: ოსებს, ბერძნებს, ასირიელებს, აფხაზებს, რუსებს, სომხებს, იეზიდებს, აზერბაიჯანელებს, მცირერიცხოვან, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე უდებს... უცხოეთში დროებით მყოფ თანამემამულეთ, აგრეთვე ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის, ფერეიდანის, მაზანდარანის, ჰერეთის მკვიდრთ და უფალს თქვენთან ერთად შევღაღადებ: `აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩუენცა ღირს მყვენ ქუეყანასა ზედა წმიდით გულით დიდებად შენდა!~
 ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღდგომა ქრისტესი თბილისი, 2011 წელი
კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 1216 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: 2011, სააღდგომო, ეპისტოლე | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024