† მრწამსი †
შაბათი, 21.12.2024, 16:10

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსაოთხუპაშაკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 418

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2013 წ.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2013 წ.
11:27

 
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II
 
"ათასწლოვანი მოლოდინი კაცთა მოდგმის ხსნისა დასრულდა. აღსრულდა მრვალ თაობათა ნატვრა, – იშვა იესო.
ოცი საუკუნის წინ აღმობრწყინვებული ბეთლემის ვარსკვლავი დღეს კვლავ ამცნობს სამყაროს ენით მიუწვდომელ საიდუმლოს ღვთის განხორციელებისა; სასწაულს, რომელსაც ვერასოდეს ჩასწვდება ადამიანური გონება. საოცრებას, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თვით ანგელოზთა დასიც.
 
 

თითქმის არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ქრისტიანული ოჯახი, რომ არ ხარობდეს ამ დღის დადგომით, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრისთვის უცნობია ასეთი განწყობის ნამდვილი მიზეზი და ისიც, თუ რას ავალდებულებს ეს დღე ყოველ ადამიანს.
უმრავლესობა ვერ გვიპასუხებს, მაინც რა მიზნით მიიღო კაცობრივი ბუნება უფალმა? რა საჭირო იყო ეს? რა შეიცვალა მისი მოსვლით დედამიწაზე?
ამის გაგება ზოგიერთს არც კი აინტერესებს, მათთვის ისიც საკმარისია, რომ კარგი განწყობისა და მხიარულების რაღაც მიზეზი აქვთ. დაე, იყოს ეს ქრისტეს შობა, _ არსობრივ მნიშვნელობას ამას არც ანიჭებენ. მათ კი, რომელნიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან სარწმუნოებაში, მაგრამ ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ წმინდა წერილს:
ადამი შემოქმედმა ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა და სამოთხეში ნეტარი ცხოვრება უბოძა, მაგრამ სამყაროს გვირგვინად და განმგებლად დადგენილი კაცი თავისი ნებით, ამპარტავნებითა და უპასუხისმგებლო ქცევით ღმერთს განუდგა და მაცდურის მონობაში აღმოჩნდა. მასთან ერთად დაეცა მიწიერი სამყაროც, რომელიც მას ექვემდებარებოდა. ღვთის მადლით აღვსილი ჰარმონია, წმ. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკის ტირანიით განმსჭვალულმა სიძულვილმა და ურთიერთ დაპირისპირებამ შეცვალა; ეს მდგომარეობა აისახა როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობებში, ისე ცხოველთა, მცენარეთა და საერთოდ, მთელი ბუნების არსებობის წესში: ყველაფერი დაექვემდებარა პრინციპს, _ ბრძოლა არსებობისათვის.
ასე რომ, ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრული გაჩნდა; ადამმა და ევამ და მათმა შთამომავლებმა დაკარგეს სულიწმიდის მადლი, რითაც შემოქმედთან კავშირი ხორციელდებოდა და რაც ღმერთთან მათი მსგავსების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი იყო; ამ მადლს მოკლებულნი, მოაკლდნენ სწორ აზროვნებასა და ქმედებასაც. ცოდვას ცოდვა შესძინეს და საკუთარ თავს მარადიული სიკვდილი განუმზადეს.
ამ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა კი აღარ არსებობდა, რადგან კაცთა ხსნა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც უცოდველი იყო და ხელეწიფებოდა სხვათა სიმძიმე ეტვირთა. ასეთი კი, ამქვეყნად არ იპოვებოდა, რადგან პირველქმნილი ცოდვა ყველას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ამას კიდევ ცალკეული ადამიანის პირადი ცოდვებიც ემატებოდა.
ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და განმგებელმა ცანი მოდრიკნა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში, იშვა.
აქ, ბაგაში, სიცივესა და სიმწირეში დაიბადა ახალი ადამი, _ იესო, რათა ამპარტავნებით დაცემული ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, მართალთა სულები ჯოჯოხეთიდან ეხსნა და ღმერთთან კავშირი აღედგინა. აი, ეს არის ჩვენი დიდი სიხარულის მიზეზი, სათავე ენით გამოუთქმელი ბედნიერებისა.
სხვა რა უნდა შევადაროთ ამ დღის სიდიადეს?! როგორ ხორციელდება პირველქმნილ ჰარმონიასთან ჩვენი დაბრუნება?
პირველ რიგში ქრისტიანული ნათლისღებით. ,,ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ!” _ ამბობს საიდუმლოს აღსრულებისას მოძღვარი და შვიდჯერ სცხებს მირონს მას, ვინც ინათლება, რითაც ადამიანს ენიჭება სულიწმინდის მადლი და ეძლევა განღმრთობისა და ნეტარი მარადიულობის დამკვიდრების შესაძლებლობა.
ამ მიუწვდომელი წყალობის გამო წმინდა მამები, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, საუკუნეთა მანძილზე გულწრფელად გაოცებულნი კითხულობდნენ: "რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას?” (ფს. 8:4).
ჩვენი ხსნისათვის მაცხოვრის თავგანწირვა, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამ ეპისტოლეში სწორედ აღნიშნულ გრძნობაზე მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება.
ეს თვისება ადამიანში ასაკთან ერთად ვითარდება; ამასთან, რამდენადაც მაღალ სულიერ საფეხურზე იმყოფება ესა თუ ის პიროვნება, მით მეტად არის მასში ეს განცდა.
პავლე მოციქული ამბობს: "როდესაც ვიყავი ყრმა ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობის დროინდელს (I კორ. 13:11).
ჩვენც გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა უპირველეს ყოვლისა შემომქმედის – უფლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე; პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურებრივ პასუხისმგებლობას.
ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას. ამიტომაც იყო ჩვენი ერი ძლიერი. მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა-კიდეც და ამასთან, დაუღალავად შრომობდა და ქმნიდა.
რწმენისა და მამულის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა. საერთოდ კი ოჯახში, სოფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდა: მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, თავად-აზნაურობა პატრონობდა და ხმლით იცავდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრებთ; ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერსსამწყსოს; გლეხები ქმნიდნენ დოვლათს; ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, მთლიან ცოცხალ ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ღმერთს და ქვეყანას. რომელიმე მათგანის დაძაბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო; თუმცა რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს კი ხშირად სიცოცხლის გაწირვას მოითხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგ. წმ. დემეტრე თავდადებული, წმ. ევდემოზ კათოლიკოსი, ზოგჯერ კი მთელი ერის, – მაგ. 100000 მოწამის.
თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდაც უქვეითდება.
გავიხსენოთ, რა მოხდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში: მთელი ეს ჰარმონიული სისტემა მოიშალა, მეფის ხელისუფლება და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადავიდა, რის შედეგადაც თავადაზნაურობა უგულო ბატონად იქცა, ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა.
ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი ძირფესვიანად შეცვალა. საქვეყნო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა. სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოსა და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა.
დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით, -”ბედნიერი ერი” – ნათლად დაგვანახა.
ერის უპასუხისმგებლო მდგომარეობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს წმინდა ილია მართლის ეროვნული გზის ნაცვლად ხალხმა უცხო ქვეყნის ათეისტური პარტია აირჩია. შემდეგ კი კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტური იმპერიის ნაწილი გახდა.
უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე დროს მოწყალეც, რომელიც არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევნა შეგვიძლია.ამიტომაც რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალჭირგამოვლილი წმ. იოანე ოქროპირის მსგავსად მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყველაფრისათვის.და თუ გვსურს, მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის.
სამწუხაროდ, თვითოეულ ჩვენგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელ-თბილნი, და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და `მეს~ პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია.
ჩვენი სულიერი სისუსტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს ფაქტობრივად მიწიერი გრძნობებით ვეგებებით და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა, არა გვაქვს. რომ ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს, სხვა უბრალო ადამიანები კი ყურადღების მიღმა გვრჩება. ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს.
რომ ცოდვა აღარ გვაწუხებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს. რომ თითქმის გაწყვეტილი გვაქვს კავშირი ბუნებასთან, მისდამი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვიჩენთ და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მის სიკეთეთ.
ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას; არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც ნათლად გავაცნობიეროთ.
არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. უნდა შევძლოთ, ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ.
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო: გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან და ცდილობს, ცრუ ღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ, არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდოკულტურისა, რომელიც ამახინჯებს ფსიქიკას, აუხეშებს გრძნობებს და აცარიელებს შინაგან სამყაროს.
შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანის ერთგული მეციხოვნენი გახდეთ.
დრო მცირე გვაქვს და არ უნდა აღმოვჩნდეთ იმ ხუთი ქალწულის მდგომარეობაში, რომელთა კანდელსაც უფლის მოსვლისას საკმარისი ზეთი არ აღმოაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ მორწმუნენი და უფლის მომლოდინენი, ვერ შევიდნენ ღვთის საუფლოში.
ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან.
ყოველი ქრისტიანი უპირველეს ყოვლისა სწორედ ასეთი პიროვნება უნდა იყოს, – ჭეშმარიტად თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ერს ხერხემლად ექცეს. ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში ეკლესიას დიდი როლი აკისრია.
საერთოდ, ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას; იგი ის მაცხოვნებელი წიაღია, რომელიც ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს და აქვს რა უცვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ.
გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს მიუახლოვდა ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია ოცი საუკუნის წინ ქადაგებდა. მონათმფლობელობის და ფეოდალიზმის პერიოდში, ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში, ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალხს თანასწორობისაკენ.
ყოველი ქრისტიანის ცხოვრება აბსოლუტურად თავისუფალია და ეკლესიის წევრობაც მხოლოდ მის თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული. თითოეული მრევლის წევრი მხოლოდ საკუთარი სინდისით არის დაკავშირებული მოძღვართან და ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოც სინანულისა მხოლოდ მის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, _ ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს, რას იტყვის აღსარებაში და იმასაც, რამდენად იქნება ეს ნათქვამი სინანულით გაჯერებული.
სრული თავისუფლებით მომქმედი და, ამავე დროს, ჭეშმარიტი სინანულით განმსჭვალული პიროვნება იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფით სამყაროს და მას ღვთის სათნო შვილად აქცევს; შედეგ კი უკვე იგი თვითონ ხდება გზის მაჩვენებელი სხვათათვის; ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: მოიხვეჭე სულიწმიდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო.
თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოიპოვოს სულის სიღრმეში დამალული უფლისგან ბოძებული ეს საჩუქარი, ვალდებულია, ააღორძინოს იგი, რათა ღირსეულად აღასრულოს თავისი ვალი ამ წუთისოფელში და შემდეგ ჩვენს დიდებულ წინაპართა მსგავსად ზეცის მოქალაქეობა მოიპოვოს.
შორეული ქვეყნებიდან ახლადშობილი იესო ქრისტეს თაყვანისსაცემად მიდიან აღმოსავლელნი მოგვნი, მიდიან მწყემსნიც თავისი გულწრფელობით, ანგელოზთა გალობის მსმენნი. მაშ, წავიდეთ ჩვენც, რათა ვიხილოთ ბაგასა მწოლი იესოს დიდებულება და აღარასოდეს განვშორდეთ, რადგან საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მასა აქვს მხოლოდ. (ინ. 6:68).
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა!”
ჩემო სულიერო შვილები, ჩემო ნათლულებო, ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო და ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო… ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!”
 ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2013 წელი
 
კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 1047 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: ეპისტოლე, 2013, საშობაო, პატრიარქის | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024