გილოცავთ მირქმის დღესასწაულს!
ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.
პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, ალექსანდრიაში ცნობილი ბიბლიოთეკა დააარსა. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის მიერ დამორჩილებულ იუდეველებს სიბრძნითა და სიწმინდით სავსე მრავალი საღმრთო წიგნი ჰქონდათ და გადაწყვიტა, ბერძნულად ეთარგმნა ისინი. ამით თავის სახელგანთქმულ წინგსაცავსაც გაამდიდრებდა და ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველთა კეთილგანწყობასაც დაიმსახურებდა - იმხანად ეგვიპტეში გადახვეწილ ებრაელებს თითქმის დავიწყებოდათ მშობლიური ენა. პტოლემეოსმა იერუსალიმში ელჩობა წარგზავნა და მღვდელმთავარ ელეაზართან დიდი ძღვენი და წერილი გაატანა. სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის საღმრთო წიგნები და სჯულის მეცნიერნი, რომლებიც მათ ბერძნულ ენაზე თარგმნას შეძლებდნენ. ელეაზარმა ისრაელის 12 ტომიდან ამოირჩია ექვს-ექვსი მოხუცებული, რომელთაც ზედმიწევნით იცოდნენ ბერძნული ენა, ჩააბარა მათ წმიდა წიგნები და პტოლემეოსთან გაგზავნა. ეგვიპტის მმართველმა დიდი პატივით მიიღო ისინი, დაასაჩუქრა და ფაროსის კუნძულზე დაასახლა. სამოცდათორმეტმა ღირსმა მამამ 72 დღეში გადათარგმნა წმინდა წერილი (ამ თარგმანს შემდეგ სეპტუაგინტა - სამოცდაათის თარგმანი - ეწოდა). ღირს მამათა შორის გახლდათ მღვდელი უფალი საბაოთისა, წმინდა სვიმეონი (მღვდლის ეფოსწამოსხმული, ოქროს კვერთხით ხელში გამოეცხადა იგი პეტრე ათონელს). წმინდა სვიმეონს ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ერგო. ღირსი მამა დიდი მოკრძალებითა და ღვთისმოშიშებით შეუდგა საქმეს. როცა იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ესაია მაცხოვრის შობას წინასწარმეტყველებს: „აჰა ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ", - სვიმეონი შეცბა და ისე განკვირდა, თითქოს პირველად წაიკითხაო ეს სიტყვები. „როგორ შეიძლება, ქალწულმა მამა კაცის გარეშე შობოს ყრმაო", - გაიფიქრა და დანა აიღო, რათა სიტყვა „ქალწული" ამოეფხიკა და მის ნაცვლად „დედაკაცი" ჩაეწერა. ამ დროს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა: „სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები, რამეთუ არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს". განეშორა უფლის ანგელოზი და წმიდა სვიმეონისთვის დრო თითქოს გაჩერდა. სული მისი გადასახლდა ღვთის სამყაროში, დროისა და სივრცის მიღმა. გადიოდა წლები, ათწლეულები, ასწლეულები; სვიმეონის თვალწინ იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და იხოცებოდნენ თაობები, მღვდელმთავარნი და ერისმთავარნი ისრაელისა. მის თვალწინ ჩაიარა იმ საშინელმა დღეებმა, როცა ურჯულო მტერმა შეურაცხყო წმიდათაწმიდა, როცა სირიის მეფემ ანტიოქოს ეპიფანემ იერუსალიმის ტაძარში იუპიტერის კერპი დაადგმევინა და იუდეველებს თაყვანისცემა აიძულა, როცა პტოლემეოს ფილოპატორმა იუდეველებზე სპილოების ჯოგი მიუშვა, როცა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარის გამო ნაკუწებად აქციეს სოლომონია და მისი შვიდი შვილი. მოესწრო იმ ბედნიერ დღეებსაც, როცა იუდა მაკაბელმა მტერი დაამარცხა, განწმინდა იერუსალიმის ტაძარი და მსხვერპლი შესწირა უფალს. მოესწრო სვიმონ მაკაბელს, სოლომონ მეფის სადარს, ისრაელის მღვდელმთავარსა და მხედართმთავარს... გავიდა სამნახევარ საუკუნეზე მეტი წმიდა სვიმეონის ამა სოფელში ყოფნისა. დანიელის ნაწინასწარმეტყველევი რკინის სამეფო (რომაელთა ბატონობის ჟამი) კარგა ხანია დამდგარიყო. იუდას ტომსაც მოაკლდნენ მთავარნი და წინამძღოლნი. ისრაელში მეფობდა უცხოტომელი ჰეროდე იდუმიელი, პეტივმოყვარე, სასტიკი და გულქვა მბრძანებელი, რომელმაც საკუთარი ცოლ-შვილი დახოცა, მეფობაში რომ არ შესცილებოდნენ. აი, სწორედ ამ კაცმა აღუდგინა ისრაელს იერუსალიმის ტაძარი, რომელიც სოლომონისეულზე ორჯერ მაღალი იყო. მისი ოქროთი მოჭედილი კედლები მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ელვარებდა. თითქოს ტაძარიც კი მაცხოვრის დაბადებას წინასწარმეტყველებდა. ჰაერი მესიის მოლოდინით იყო დამუხტული. ნაწილი ისრაელისა ელოდა კაცს, რომელიც მათ რომაელთა ბატონობიდან იხსნიდა, ნაწილი კი - დედაკაცის თესლს, რომელიც ღმერთი იქნებოდა მათი, მაცხოვარი. აი, მოვიდნენ სპარსნიც, რომელნიც ჰურიათა მეფის დაბადებას აუწყებდნენ მათ. აღელდა ისრაელი, „მოლოდებაი მათი განმძაფრდა". ერთხელ წმინდა სვიმეონი სახლში იჯდა და ლოცულობდა. „ამას ილოცვიდა, რაითამცა უწყებული იგი სულისა წმიდისაი იხილა... და მუნქუესვე აუწყა მას სულმან წმიდამან და ჰრქუა: „აღდეგ, მოხუცებულო, რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა გამტევებელი შენი. განაგე სახლი შენი და განჰმზადე სამკვიდროი შენი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი შენი და წინასწარმეტყველებდ ტაძარსა მას შინა". მეყსეულად წამოდგა სვიმეონი და ტაძარს მიაშურა. იმ დღეს მრავალ დედას მოჰყავდა ტაძრად ყრმა პირველშობილი. აგერ, წმინდა მარიამიც გამოჩნდა მართალ იოსებთან ერთად. მათ ორმოცი დღის იესუ მოჰყავდა, ღარიბულ საფენებში გახვეული, მაგრამ ზეციური ნათლით მოსილი. იუდეველთა წესისამებრ, იგი, პირველშობილი ყრმა, ღვთისთვის უნდა შეეწირათ. სულიწმიდის მინიშნებით წმინდა სვიმეონი მიხვდა, რომ სწორედ ის ყრმა იყო მაცხოვარი. აღელდა მოხუცი, გაიქცა მისკენ და შესძახა: „გზა მომეცით, რაითა მივეახლო წმიდასა მას და სასურველსა და ვიხილო, რომელსა იგი წინაითვე ვუხილავ! დედანო, საკურთხევლისკენ რომ მიგყავთ თქვენი პირველშობილნი, მიჰგვარეთ ამ ყრმას, რომელი უწინარეს აბრაამისა არს და მსხნელია ისრაელისა!" მიეახლა კრძალვით ყრმა იესუს სვიმეონი, მიირქვა, მიიწვინა თავის მკლავებზე და წარმოთქვა, ვითარცა გედმა სიკვდილის წინ: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი... აწ განუტევე, უფალო, რამეთუ მრავალი ტკივილი განუცდია შენს მოლოდინში, შენი ხილვით გამოწვეულ სიხარულში განუტევე, უფალო, და ნუ აცქერინებ ჰურიათა მიერ შენ ზედა კადრებას... ნუმცა ვიხილავ გვირგვინსა მას ეკლისასა, - ღაღადებდა სვიმეონი, - ნუმცა მონისა მიერ ყურიმლისცემასა, ნუცა ლახვარსა გვერდსა შენსა ცემულს ვიხილავ... განმიტევე, უფალო, რაითა წარვიდე და ვახარო ძველი აღთქმის მართალთ - აბრაამს, ესაიას, მამასა შენსა დავით წინასწარმეტყველს - შენი მობრძანება". განუკვირდათ ყოვლადწმიდა მარიამსა და მართალ იოსებს, საიდან იცისო ამ კაცმა ეს დიდი საიდუმლო, რატომ შეჰღაღადებსო ყრმას, ვითარცა უფალს „ძველ დღეთასა", რომელსაც აქვსო მეუფება სიკვდილსა და სიცოცხლეზე. წმინდა სვიმეონმა ნეტარი მშობლებიც აკურთხა, ხოლო წმინდა მარიამს უთხრა: „აჰა, ესერა დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის..." დაცემად ურწმუნოთათვის იტყოდა და აღდგომად მორწმუნეთათვის: დაეცემა ძველი იგი კრებული ჰურიათა და აღემართება ახალი აღთქმისეული ეკლესია, დაეცემა იუდა და აღდგება მატათა, დაეცემა მარცხენით ჯვარცმული ავაზაკი, მაბრალობელი უფლისა, და აღდგება მარჯვენით ჯვარცმული, მორწმუნე მისი. „და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილ, - მიმართა წმინდა მარიამს სვიმეონმა, - რათა განცხადნეს მრავალთაგან გულის ზრახვანი"... მოწამეობრივად კი არ აღესრულო, არამედ ოდეს თორმეტი წლის ყრმა იესო იერუსალიმში დაგეკარგოს და იპოვო მხოლოდ მესამე დღეს, გული შენი დიდმა ურვამ განკვეთოს; უფრო დიდმა მწუხარებამ, ვითარცა სულიერმა მახვილმა, განვლოს მასში, ოდეს იხილო ძე შენი ჰურიათაგან ჯვარცმული, რამეთუ მას, ვინც ტკივილის გარეშე შობე, მწუხარებით გააცილებ ამა სოფლიდან. ყრმა იესოს მიეახლა წმინდა ანა, ფანუელის ასული, ასერის ტომიდან, ოთხმოცდაათი წლის ქვრივი, რომელმაც მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან და შემდგომად მისი გარდაცვალებისა ტაძარს არ განშორებია, დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა და მოელოდა მეუფეს ისრაელისას. მანაც თაყვანი სცა ყრმას და სვიმეონთან ერთად ქადაგებდა იერუსლიმის ტაძარში მაცხოვრის შემობრძანებას. შურითა და ბოღმით აივსნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი, წავიდნენ და ყოველივე ჰეროდეს მოახსენეს. მეფემ სასწრაფოდ დააგზავნა მხედრები ღვთაებრივი ყრმის შესაპყრობად, მაგრამ უფლის ანგელოზის მიერ გაფრთხილებული მარიამი და იოსები უკვე გალილეას, ნაზარეთს მიაბრძანებდნენ მაცხოვარს. წმინდა სვიმეონი მალევე გარდაიცვალა. აღესრულა წმინდა ანაც. გარდაიცვალდნენ მართალნი ღვთისანი და აბრაამის წიაღში განისვენეს. ისინი იყვნენ დასასრულნი სჯულისა და დასაბამნი მადლისა, ნათესავით ჰურიანი, გარნა მადლითა ქრისტიანენი. ნეტარ იყვნენ თვალნი მათნი და ხელნი მათნი, მხილველნი და მტვირთველნი ყრმა იესოსი... ნეტარ ვარ მე და შენც, ჩემო მკითხველო, რამეთუ „შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონ მართალსა. მან მხოლოდ ჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესუ ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, და თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია" (წმიდა გაბრიელ ქიქოძე). მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა ჟურნალი „კარიბჭე", № 2 (13), 2005 წ. წყარო: www.orthodoxy.ge
|