ყოველი წლის აღდგომის წინადღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.
ისტორია
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.
IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა. მაცხოვრის საფლავი
მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო - კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.
მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის - სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით - 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა". წმიდა ცეცხლის ლიტანიობა
წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება, - ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა (მთ. 27, 52), - თუმცა ეს მსახურება დღისით, დაახლოებით დღის 1-2 საათზე აღესრულება.
მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით - წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული.
მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით - ლუქის ან ცვილის ბეჭდით - დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის - ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.
ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით პირდაპირ აღდგომის ტაძრის საკურთხეველისკენ მიემართება. დღის პირველი საათისათვის, მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. 10 წუთის შემდეგ კათოლიკოსს საკურთხეველში მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები, ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან.
ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 საეკლესიო ბაირაღით. მათ სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მიდიან იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას ბოლოში თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით, შემეგ სამგზის - კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ. პატრიარქი განიმოსება - განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს - და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს. ცეცხლის გარდამოსვლის სამი პირობა
ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის საჭიროა 3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება):
● ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი" ლოცვა-ვედრებით. ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით - ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.
ბრიტანეთის ბატონობის წლებში, 1800-იანი წლების დასაწყისში, ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს „ველური" როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს.
● მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა.
● დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.
1549 წელს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლი დაეცა და სელჩუკებმა აიღეს იერუსალიმი, სომეხმა მონოფიზიტებმა მოისყიდეს თურქი ჯარისკაცები, კუვუკლიაში ადრე შევიდნენ, კარი გადარაზეს და მართლმადიდებელი პატრიარქი შიგნით არ შეუშვეს. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო დახშული კარის წინ. და იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშანს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა,$ მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცსლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატარიარქის სანთლები აანთო. ეს რომ დაინახა მრევლმა (ძირითადად არაბებმა), აყიჟინდნენ, ჩვენი სარწმუნოება მართალია, ჭეშმარიტიაო და შეცვივდნენ ეკლესიაში. ამ დღიდან მოყოლებული აუცილებელია, ცეცხლის გადმოსვლას არაბთა ყიჟინა ახლდეს.
მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას, სვეტი კი მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად დღესაც გაბზარული დგას.
აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა კონფესიის (სომხების, კათოლიკების, კოპტების) წარმომადგენელთა კანდელებიც დგას.
გამოყენებული ლიტერატურა: ჟურნალი „კარიბჭე" აპრილი, 2004, 2007
|