† მრწამსი †
შაბათი, 27.04.2024, 11:25

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსაოთხუპაშაკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 417

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » საშობაო ეპისტოლე
საშობაო ეპისტოლე
17:06

 
 
ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.
კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.
საშობაო ეპისტოლე
უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის
ილია II
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო,
ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
 


"ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს" (I პეტრე 5.5) გვმართებს, ეს განცდა გამოვხატოთ მის მიმართ, რომლისგანაც შეიქმნა ყოველი, რომელმაც მოგვმადლა ქვეყანა ,,უთვალავი ფერითა~, მოგვანიჭა სიცოცხლე, გონება, თავისუფალი ნება, ჯანმრთელობა, სიყვარულის უნარი, ბედნიერების განცდა, სამყაროს აღქმა, რომელიც გვითენებს ყოველ დღეს, გვაძლევს საკვებს, სითბოს, ჰაერს, წყალს და, რაც ყველაზე მთავარია, თავისი ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირული სიყვარულის ფასად ბოძებული წარუვალი ნეტარი ცხოვრების შესაძლებლობა.
განა შეიძლება, რომ ყოველ წამს არ ვგრძნობდეთ მის მზრუნველობას, ვიყოთ ყოველივე ამის მომხმარებელნი და არ გამოვხატავდეთ მისდამი გულწრფელ მადლიერებას?!
ვიქცევით კი ასე?
ჩვენდა სამარცხვინოდ, ხშირად მადლიერებას, ასე თუ ისე, ადამიანებისადმი უფრო ვიჩენთ, ვიდრე უფლის მიმართ.
მოჩვენებით მადლიერებას კი, როგორც ყველაფერ ფარისევლურს, აზრი არა აქვს და სისაძაგლეა იგი ღვთისა და კაცის წინაშე.
გავიხსენოთ კაენისა და აბელის მაგალითი.
რატომ შეიწირა ღმერთმა აბელის მიერ მირთმეული სამადლობელი ძღვენი, ხოლო კაენისა _ არა?
იმიტომ, რომ აბელმა თავისი ქონების საუკეთესო ნაწილი გაიღო და ეს უფლისადმი მთელი სიწრფოებითა და მადლიერებით გააკეთა, კაენმა კი უგულოდ, მოვალეობის მოხდითა და ამპარტავნებით.
სწორედ ამიტომ განიძარცვა იგი მადლისაგან და დაეუფლა საშინელი შური ძმის მიმართ, შემდეგ კი იმდენად დაეცა, რომ ყურად აღარ იღო აღარც შემოქმედის გაფრთხილება: ,,თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე~ (დაბ.4.7) და მკვლელობის უსაშინელესი ცოდვის პირველი ჩამდენი გახდა.
ამის მთავარი მიზეზი კი უმადურობა იყო.
უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა, ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ.
ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისათვის, მათ შორის ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელთათვის, რადგან უფლის განგებულებით აღესრულება ყოველი და იგი აუცილებელია ჩვენი სულიერი აღზრდისა და ცხონებისათვის.
,,ვინც უყვარს უფალს, მასვე ზრდის, ხოლო შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს... და თუ შორს ხართ აღზრდისაგან ..., ნაბუშრები ხართ და არა შვილები~ (ებრ.12,6,8), _ გვასწავლის პავლე მოციქული.
შეჭირვებისა და მწუხარების მადლიერებით დათმენის საუკეთესო მაგალითია კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმ. იოანე ოქროპირი.
იგი იყო მსოფლიო ეკლესიის უთვალსაჩინოესი მოღვაწე, გამორჩეული თეოლოგი, მჭერმეტყველი; მისი ნაშრომები დღესაც სამაგიდო წიგნებია ქრისტიანული რელიგიით დაინტერესებულთათვის.
წმ. იოანე ოქროპირი როგორც საზოგადოებაში, ისე სამეფო კარზე უდიდესი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ შურითა და ცილისწამებით სავსე ადამიანებმა იმდენი შეძლეს, რომ იმპერატორის ბრძანებით პატრიარქობიდან გადააყენეს და უსამართლოდ დევნილი და შეურაცხყოფილი გადასახლებაში გაგზავნეს ჯერ სომხეთში, შემდეგ კი - საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში, სოფ. კომანში, სადაც აღესრულა კიდეც.
ასეთი დამცირების მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს ერთგულ მხედრად დარჩა და მაცხოვრისა და მოყვასის სიყვარული არასოდეს დაშრეტია; პირიქით, აქედან ანუგეშებდა ბიზანტიაში დარჩენილ თავის სამწყსოს და მოუწოდებდა, ნებისმიერ სიტუაციაში მადლიერნი ყოფილიყვნენ უფლისა.
სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: ,,მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის~, რაც, ფაქტობრივად, პავლე მოციქულის ნათქვამის გამეორებაა: ,,მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში~. (I თესალ.U5.18)
ასეთი დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მძიმე მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ხვედრს დავმორჩილდეთ, ანუ ბედისწერის შესახებ არასწორი სწავლება გავიზიაროთ.
არა, მუდამ საჭიროა ლოცვა და სწორი ქმედება, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: ,,ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და _ ჰპოვოთ~ (მათე 7.7) ოღონდ, ამას არ უნდა ახლდეს დრტვინვა და მრისხანება, არამედ შემოქმედისადმი ყოველივე მადლიერებით უნდა აღესრულებოდეს და თუ ჩვენი სურვილი იმ ეტაპზე ჩვენი სულისთვის სასარგებლოა, მაცხოვარი აუცილებლად შეისმენს მას.
გავიხსენოთ მართალი იობი, როგორი სიმშვიდით, მოთმინებითა და მადლიერებით მიიღო მან თავსდატეხილი დიდი განსაცდელი; სანაცვლოდ კი უფალმა ამქვეყნადვე მრავალწილად დაუბრუნა ქონებაც, დიდებაცა და პატივიც.
სამწუხაროდ, ათეისტური აზროვნების გავლენითაა, რომ განსაცდელის დათმენა და მადლიერებით მიღება თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილისათვის სრულიად გაუგებარია, რადგან ისინი ასეთი დამოკიდებულების კეთილ შედეგს მიწიერ ყოფაში ვერ ხედავენ და, ამასთან, არ სჯერათ, რომ გარდაცვალების შემდეგ მარადიული სიცოცხლე იწყება. ამიტომაც ესწრაფვიან დიდებასა და კეთილდღეობას ამქვეყნად.
ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარტავნებას უძლიერებს და მის სულს კიდევ უფრო აზიანებს.
ხოლო, როდესაც მორწმუნე აღასრულებს სიკეთეს, ამას უფლის სახელით იქმს და ამასთან, მადლობს შემოქმედს, რომ საშუალება მისცა სხვისთვის სიხარულის მინიჭებისა; ხარობს გაცემით, თუმცა თავს აღსრულებული ქველმოქმედების მხოლოდ გამტარად, საშუალებად აღიქვამს, ამიტომაც ჩრდილში ყოფნას ირჩევს და მადლობას და დიდებას უთმობს ღმერთს.
უფლისა მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპოვებინებს და ცხონების გზას აპოვნინებს მას.
ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები, აუცილებლად, უნდა გამოვასწოროთ.
მაშინ, როდესაც მოიწევა აღსასრული, ,,წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა~ (Iკორ.13.8), როდესაც რწმენაც განხორციელდება და აღსრულდება სასოებაც, ადამიანის სულს სასუფეველში მხოლოდ სიყვარულის გრძნობა და მადლიერების განცდა გაჰყვება. იგი ჭეშმარიტი სიყვარულის თანმდევია ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და მასთან ერთად ზეიმობს მარადიულ ნეტარებაში.
წმ. ამბროსი ოპტინელი წმ. პავლე მოციქულის დარიგების გათვალისწინებით, გამოყოფს ოთხ უმთავრეს სათნოებას და გვასწავლის: 1) იყავით მრავლის დამთმენნი; 2) მარადის ხარობდეთ; 3) მუდამ ილოცეთ; 4) მადლიერნი იყავით ყოველთვის; და ამასთან აღნიშნავს, რომ ამ სათნოებათა მოპოვება ბოლოდან ანუ მადლიერებით უნდა დავიწყოთ, რათა მადლი შევიძინოთ.
მადლი არ იყიდება და არც სხვა საშუალებით გადაეცემა. ნებისმიერმა ჩვენგანმა თვითონ უნდა იღვაწოს, იმდენი მადლი მოიპოვოს, რომ ცხონდეს. ამისთვის კი თავმდაბლობა უპირველესი პირობაა. უფალი ბრძანებს: `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს~ (I პეტრე 5.5).
ამასთან, ადამიანს რაც უფრო მაღალი აქვს თანამდებობა და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, მადლმოსილებაც მეტი მართებს. მადლმოსილ პიროვნებათა სიმრავლე ქმნის ერის კეთილდღეობას, მადლის სიმცირე კი ხშირად განაპირობებს მის განსაცდელში ყოფნას.
ჩვენი პრობლემების უმეტესობაც მადლის ნაკლებობიდან მომდინარეობს.
მართალია, უღმერთობის ხანა დასრულდა და ხალხი ეკლესიური გახდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილის სარწმუნოება მაინც ნელ-თბილია, რადგან ყველაფერს გარეგნულად უგულოდ აკეთებენ. ქრისტეს სახელი მხოლოდ გონებასა და ბაგეებზეა, გულში კი ისევ `ძველი კაცი~ სახლობს. ისინი, მართალია, ამბობენ აღსარებას და ასრულებენ საეკლესიო წესებს, მაგრამ, ამავე დროს, მათთვის უცხო არ არის განკითხვა, ცილისწამება, ამპარტავნება, სიცრუე, ეჭვი, უსიყვარულობა, გულგრილობა, სიზარმაცე, შური, მრისხანება...;
დაცემა და ადამიანური სისუსტენი ყველას აქვს, მაგრამ ,,მორწმუნეთა~ ამ ნაწილისათვის ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება მისაღები გახდა და შეეჩვივნენ ამ მდგომარეობას.
ღმერთისთვის კი ასეთნი მიუღებელნი არიან და, ბუნებრივია, არც მათი სათხოვარი შეისმინება.
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ვკითხულობთ: `ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ... ამიტომ ამოგანთხევ პირისაგან ჩემისა~ (3. 15-16).
ღმერთმა ნუ ქნას ამ მდგომარეობაში დაამთავროს ვინმემ სიცოცხლე.
მაშ, მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა, ვისწავლოთ სწორი დამოკიდებულება ღვთისადმი და მოყვასისადმი; დავიწყოთ ყველაზე მარტივით, მადლიერებით. ელემენტარულ სიკეთეზეც კი გულწრფელი მადლიერება გამოვთქვათ, ხოლო კაცთა შორის განსაკუთრებული მადლობა გვმართებს მშობლებისადმი, `რათა კეთილი გვეყოს და დღეგრძელ ვიყოთ ქვეყანასა ზედა~. ასევე უნდა მოვიქცეთ ხანდაზმულთა და გარდაცვლილ წინაპართა მიმართ.
განვაგდოთ ჩვენგან `ძველი კაცი~, გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს; და იგი ჩვენში აუცილებლად დაივანებს. ხოლო როდესაც ეს აღსრულდება დავინახავთ, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლება და უფალიც მოგვაგებს თხოვნისამებრ.
საყვარელნო შვილნო, უდიდესი კრძალვით, სიყვარულითა და მადლიერებით განვუფინოთ ჩვენი სული, გული და გონება ბეთლემის ბაგასა შინა მწოლ ყრმას, ჩვენს უდიდეს მარადიულ ნუგეშსა და იმედს და შევღაღადოთ უფლის წინაშე ჩვენს საოცარ მეოხსა და მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს:
,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!"
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო და ბერძენნო, რუსნო და უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო და სომეხნო, ასირიელნო და უდინნო..., საქართველოს მკვიდრნო ყველა სხვა ერის წარმომადგენელნო, მართლმორწმუნენო, ,,მოიპოვეთ შეუძვრელი სასუფეველი და იქონიეთ მადლი და ,,მოადექით თქვენ სიონის მთას და ქალაქს ცოცხალი ღმერთისას, ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა უხილავ სიმრავლეს. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას და ახალი აღთქმის შუამდგომელს იესოს~ (ებრ.12. 28, 22-23) და გიხაროდეთ, რამეთუ დღეს იშვა ქრისტე!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს - პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2012 წელი
კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 1365 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: ქრისტე, ქრისტესი, შობა, ჩვენისა, იესო, ეპისტოლე, კონდაკი, უფალი, უფლისა, საშობაო | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024