† მრწამსი †
შაბათი, 19.08.2017, 08:25

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსაოთხუპაშაკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 413

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="http://www.mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » მცხეთობა-სვეტიცხოვლობა
მცხეთობა-სვეტიცხოვლობა
00:28

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.
უფლის კვართის ამბავი

ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, მომავალ „მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა. „ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად". გადიოდა ხანი, „წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა" იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა „ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა". თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყოფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული ბაგრატიონთა გერბზეც. ხოლო XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია. ერთი კია - ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.
იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზს და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოიძახებია: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!" - და მწუხარებისაგან იქვე დაულევია სული.
ეტყობა, მაცხოვრის ჯვარცმისას ელიოზი ძალზე აქტიურობდა. როცა უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზე წილი იყარეს, იგი სწორედ მას შეხვდა. უფლის კვართი ელიოზმა მცხეთაში წამოიღო. სიდონია მას ტირილით შეგებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში „ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა" და მიუძინებია „თავისი დედის ძილით". ეს ამბავი მთელ მცხეთას მოედო. მიცვალებული მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრს ცდილან, მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალიათ ლიბანის ნაძვებთან.
რამდენიმე წლის შემდეგ ადერკის შვილიშვილს, მეფე არმაზელს მოუნდომებია სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია - უეცრად დაბრმავებულა.
აი, ამგვარად მოხვდა უფლის კვართი საქართველოში. სახიერ უფალს წინასწარვე განეგო ჩვენი ქვეყნის „ერად საზეპუროდ შემზადებაი" და ვინაიდან ღვთისმშობლის წილხვედრნიც ვიყავით, ამისათვის უფრო ღირს იქმნა იბერია „ამას საშინელსა მადლსა". როგორც წმინდა ნიკოლოზ გულაბერისძე ბრძანებს, „ამისთვისცა უკვე წინასწარვე წარმოავლინა მადლი ღვთაებისა მისისა რათა პირველადვე დაიწინდოს კვართითა მით და მადლით ღვთაებისა მისისათა".
შემობრძანდა იბერიაში წმინდა ნინო და დადგა ჟამი უფლის კვართით დაწინდული „საზეპურო ერის" ქრისტესთან ქორწილისა, შეერთებისა... ღვთის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. შეკრეს ძალთაგან კედლები და აღმართეს ექვსი ბოძი თავ-თავიანთ ალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს, მიუხედავად ბევრი წვალებისა, ძვრა ვერ უყვეს. მოსაღამოვდა. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. სვეტთან მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. სასოწარკვეთილმა ეშმაკმა მათი შეშინება სცადა, მაგრამ წმინდა ნინოს ლოცვამ დაამხო მისი მანქანება.
იცისკრა. ემოციებისგან დაღლილებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის შვილი სიდონიაღა ფხიზლობდა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცად აღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან ორ წყრთაზე გაჩერდა, „ზე ჰაერთა საკვირველად გამოკიდებული". ასე მოგვითხრობს „სვეტიცხოვლის საკითხავი", ხოლო „ქართლის ცხოვრების" მიხედვით ცეცხლის სვეტი ჩამოშვებულა, ამავე ადგილას დამდგარა და კაცთაგან ხელშეუხებლად დამყარებულა.
ამ საოცარმა ამბავმა მთელი ქართლი შეძრა. მოდიოდნენ სვეტთან და ვეღარ შორდებოდნენ საკვირველ სახილველს. სვეტის ძალით უამრავი სასწაული მომხდარა. პირველად შობითგან ბრმა ურია განუკურნავს სვეტი-ცხოველთან მიახლებას, შემდეგ საწოლს მიჯაჭვული ყრმა სეფეწული ამაზასპანი დაუყენებია ფეხზე. იმხანად ერთ ურიას მხოლოდშობილი ძე მოჰკვდომია. ყველა სვეტი-ცხოველის სახილველად წასულა, მიცვალებულთან მხოლოდ მშობლები დარჩენილან, რომლებიც თურმე მწარედ მოთქვამდნენ და შვილს ევედრებოდნენ: „აღდეგ, მხოლოდშობილო ჩვენო, რათა მივეახლნეთ სვეტსა მას ნათლისასა", რათა ვიხაროთ სხვებთან ერთადო. და უცებ, თითქოს გაიღვიძაო, მიცვალებული ყრმა წამოდგა და სვეტიცხოველთან წაყვანა მოითხოვა. ყვებოდა, რომ ჯოჯოხეთის უფსკრულში იყო ჩავარდნილი; ანაზდად ზეციდან ნათლის სვეტი ჩამოეშვა, რომლის თავზეც მაცხოვარი იჯდა დიდებით. უეცრად სვეტიდან ხმა მოისმა: „მეცოდებიან შენი მშობლები, მათი ტკივილისგან „მელმისო გული", - მერე კი ანგელოზთ უბრძანა, ყრმის სული სხეულში დაებრუნებინათ.
ამ სასწაულმა უფრო ააფორიაქა ხალხი. ყველა ცდილობდა სვეტიცხოველთან მიახლოებას. აღტყინებისგან ერთმანეთს თელავდნენ. მაშინ მეფე მირიანმა სვეტს ფიცრის საბურველი შემოახვია. საბურველმა ვერ დააბრკოლა სვეტიცხოველის მადლი...
მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. წმინდა კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს ეპისკოპოს იოანეს ხელით გამოუგზავნა ძელიცხოვლის ნაწილი, სამსჭვალნი და ფიცარი, რომელზეც მაცხოვრის ფერხნი იყო მიმსჭვალული. ეპისკოპოსმა ძვირფასი ძღვენი ერუშეთსა და მანგლისში დატოვა, მეფე მირიანთან კი ხელცარიელი დაბრუნდა. გულდაწყვეტილი მეფე წმინდა ნინომ ანუგეშა - უთხრა, რომ იგი უდიდეს სიწმინდეს ფლობდა - მის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფემ ურიებს დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე. მათაც წმინდა ქალწულის ნათქვამი დაადასტურეს. მაშინ კი აივსო მეფე სიხარულით და ადიდა უფალი.
მირიანის ვაჟს, რევის, მეფობის ჟამს შეშინებია, სვეტი-ცხოველი საბურველისგან არ განძარცვონ და არ მოიპარონო, და მის გარშემო ქვითკირის კედელი აუშენებია. მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო თორმეტი მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულ ყასიმს გადაუწვავს მეათე საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ. გიორგი I-ის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. ტაძარი თემურ ლენგის შემოსევისას დაზიანებულა და ალექსანდრე დიდს იგი ხელახლა აღუდგენია. ტაძარი კვლავ დაზიანებულა შაჰ-თამაზისა და მისი შვილიშვილის შაჰ-აბასის შემოსევებისას. როსტომ მეფის მეუღლეს, მარიამ დედოფალს, 1656 წელს აღუდგენია სვეტიცხოვლის გუმბათი, რის გამოც იგი ვაჟთან ერთად ტაძარში გამოუსახავთ. შემოსევების გამო დაზიანებულა სვეტი-ცხოვლის ირგვლივ აშენებული გოდოლიც და იგი აღუდგენიათ 1675 წელს, კეთოლიკოს ნიკოლოზის ბრძანებით. გოდოლი „მოქცევაი ქართლისაის" სცენებით მოუხატავს გრიგოლ გურჯვარიშვილს.
სვეტი-ცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა და წარემატებოდა ქრისტეს სარწმუნოებაში ქართველი ერი. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, ეს მაცოცხლებელი წყარო შაჰ-აბასის შემოსევებისას, 1614-1617 წლებში, უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე ძალზე შეურაცხუყვია ტაძარი, ხოლო 1624 წელს შაჰ-აბასის თანამედროვემ, „საელჩო პრიკაზში" გამოძახებულმა იოანიკე ბერძენმა, ივან გრამოტინს ასეთი რამ უთხრა: როცა შაჰ-აბასის პაპამ, შაჰ-თამაზმა, ივერია დალაშქრა (ეს იყო 1541-1553 წლებში), შაჰს სვეტიცხოვლის ტაძარი ცხენებისა და პირუტყვის სადგომად გადაუქცევია; აი, სწორედ მას შემდეგ შეწყდა სვეტიდან მირონის დენაო.
წმინდა დავით აღმაშენებელი და სვეტი-ცხოველი

უფლის კვართი დაკრძალვის შემდეგ თუმცა აღარავის უხილავს, მაგრამ ქართველებს მეტად სწამდათ, რომ იგი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული, ხოლო თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა ამაში, ღვთისაგან განისწავლებოდა. თურმე თვით დიდი დავით აღმაშენებელი „განდრეკილობდა რეცა გონებით" სვეტიცხოვლის მიმართ და ამბობდა, რა ვიცით, რა არის ამ კოშკის გოდოლის ქვეშ, რას ვცემთ თაყვანს, ეშმაკმა ხომ არ შეგვაცდინაო.. ერთხელ მეფეს სვეტი-ცხოვლის წინ ამგვარი დაბრკოლებული გონებით ულოცია. იმავე ღამეს, ძილში, თურმე სვეტის თავზე მჯდომი მოხუცებული ეჩვენა, რომლისგანაც თვალისმომჭრელი ნათელი გამოდიოდა. „დავით, დავით, - მიმართა მან გვირგვინოსანს, - არ იცი, ვინ ვარ; იცოდე, არც შენ და არც სხვას, ვისაც ჩემდა მომართ სასოება ექნება, არასდროს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდამო, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯებაო".
გაეღვიძა მეფეს, შეშინებული მოახტა ცხენს, მთელი ღამე აჭენა და სვეტიცხოველში ცისკრის ლოცვისას მივიდა. პირქვე დაემხო, ცრემლით დაალტო იატაკი და „პირველთა ცდომათათვის და ურწმუნოებისა" შენდობა ითხოვა ღვთისგან.
ვერავინ შეძლო კვართის ხელყოფა

მეთერთმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევისას, სულთნის მეუღეს შაჰრი-ხათუნს სიწმინდის ამოთხრა მოუნდომებია, მაგრამ სვეტის ძირიდან ამოვარდნილ ცეცხლს ფერფლად უქცევია ღვთის მგმობელი... ვერც თემურ-ლენგი და ვერ შაჰ-თამაზი ვერ გაკადნიერებულან სიწმინდის ხელყოფად. მხოლოდ შაჰ-აბასს გაუბედავს და უბრძანებია სვეტი-ცხოველის საძირკვლის გათხრა, მაგრამ მიწიდან ამოვარდნილ ცეცხლს კვლავ დაუწვავს ამ მკრეხელობის ჩამდენნი. შაჰს შეშინებია, ჩამომხდარა, ტაძრისთვის მოკრძალებით შემოუვლია გარს, სვეტის წინ ულოცია და კათოლიკოსისთვის ხელშეუხებლობის გარანტია მიუცია.
რაც შეეხება შაჰის მიერ რუსეთის ხელმწიფესთან 1625 წელს გაგზავნილ საჩუქარს, თითქოსდა უფლის კვართს, ეს ტილოს მოწითალო ნაჭერი ყოფილა, თითო მტკაველის სიგრძე-სიგანისა, რომელზეც თურმე ლათინური მანერით იყო გამოსახული უფლის წამების და ჯვარცმის ეპიზოდები. „ზეითგან გამოსქოილი" კვართი დანაწევრებისას, ცხადია, დაიშლებოდა. ამგვარად, შეუძლებელია, შაჰის საჩუქარი უფლის კვართი ყოფილიყო.
მაშ, რა იყო ეს სიწმიდე, რომელმაც ამდენი სასწაული მოახდინა რუსეთში?
კონსტანტინეპოლის დამხობის შემდეგ საქართველოში მრავალი სიწმინდე მოხვდა. ალავერდის ტაძარში დაცული გახლდათ ქრისტეს პერანგის ერთი ნაწილი, რუსთავის ფერისცვალების ტაძარში კი ღვთისმშობლის სარტყელი. შესაძლოა, შაჰის საჩუქარი ერთი ამათგანი ყოფილიყო. ამგვარ ვარაუდს გამოთქვამს თეიმურაზ I 1639 წელს რუსეთის ხელმწიფისთვის გაგზავნილ წერილში.
სვეტიცხოვლის სიწმინდენი

სვეტიცხოვლის ტაძარი მრავალ სიწმინდეს ფლობდა: უფლის კვართს, სასწაულმოქმედ სვეტს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენს. XX საუკუნის დასაწყისში (და ახლაც) იქვე გახლდათ დაბრძანებული ერთი იმ ოთხ ჯვართაგანი, რომლებიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა. ადრე, თემურ ლენგის შემოსევამდე, იგი მცხეთის ჯვრის მონასტერში ბრძანდებოდა. სასწაულმოქმედ ჯვარს (მის მიმართ განსაკუთრებით უშვილოებს ჰქონდათ სასოება) 2004 წლის 16 თებერვალს მირონი დაედინა. პატრიარქის კურთხევით, იგი მინანქრული ხატებით გაამშვენეს. მასში ჩატანებულია ძელიცხოველისა და წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილები.
სვეტიცხოვლის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ყოფილა საქადაგო ხატი სვეტი-ცხოველისა. ეს არის კარედში ჩაბრძანებული სვეტი-ცხოველის 36x17სმ ზომის ჭედური გამოსახულება. კარედის გვერდებზე გამოსახულნი არიან წმინდა ნინო და წმინდა მირიანი. კარედის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია. მასზე გამოსახულია კუბოში მწოლიარე სიდონია, მის მკერდზე კი აღმართულია სვეტი, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ ხელთ. სიდონიას ფერხთით გამოსახულია მლოცველი წმინდა ნინო, ხოლო ზემოთ - ორივე ხელით მაკურთხებელი მაცხოვარი. ხატში 44 წმინდა ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
ეს სიწმინდენი სწორედ ის საფარველი გახლავთ, რომელიც ბურავდა „არა ოდენ ვიდრემე გუამსა ღვთაებისასა, არამედ უფროისღა შიშლოებასა სულთა ჩვენთასა ცოდვისა მიერ".
უფლის კვართი განუყოფელია

როგორც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, „თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა" და „შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს". ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.
ერთხელ წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ „ზამთრის სასტიკებისა" და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტი-ცხოველი „სახედ მოხუცებული ბერი კაცისა" ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ „შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო", - უბრძანებია უფალს.
ეკლესიის ერთიანობას არად დაგიდევდნენ სამცხის ათაბაგები და მცხეთის საყდართან კავშირის გაწყვეტის მცდელობით იმისაც მიაღწიეს, რომ ეს დალოცვილი მხარე სულიერადაც და ფიზიკურადაც დაცარიელდა და გამოიფიტა. უფლის კვართის დარღვევის სურვილით მათ საკუთარი სული დაარღვიეს და მომავალ თაობებს დაუტოვეს იმხელა ტვირთი, რომ არ ვიცი, მისი ამწევი ოდესმე თუ დაიბადება...
და ბოლოს

ტოპონიმიკისა და სიწმინდის მფლობელობის გამო მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, 7 სვეტზე აგებული და ამით სოლომონის ტაძარს მიმსგავსებული სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმინდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს. ჩვენც ერთ პარალელს გავავლებთ: სოლომონისეული ტაძრის ნანგრევებიდან ამოვარდნილმა ცეცხლმა დაწვა იულიანე განდგომილის მიერ ღვთის ნების წინააღმდეგ ტაძრის ასაგებად გაგზავნილი მუშები. იქიდან, საიდანაც ადრე მირონი მოედინებოდა, უფალმა ცეცხლი ამოაფრქვია. ამიტომაც გვეშინოდეს სვეტი-ცხოველთან უკრძალველად მიახლებისა, განსაკუთრებით - კვართის დღესასწაულზე, გვეშინოდეს და შევიქმნათ იმ „საზეპურო ერად", რომელსაც უფალი, ნიშნად დიდი წყალობისა, სვეტი-ცხოველის ძირიდან აღმოუცენებს და უწყაროებს „მირონსა, ვითარცა ღმერთმყოფელსა და ნათელმყოფელსა".
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე", № 9, 2004 წ. წყარო: www.orthodoxy.ge
კატეგორია: დღესასწაულები | ნანახია: 501 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, უფლის, კვართის, მცხეტობა | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2017