† მრწამსი †
კვირა, 28.04.2024, 14:08

                                                                                                    

მენიუ

ბლოგის კატეგორიები
საგალობლები [13]
სწავლებანი [3]
ახალი ამბები [3]
ლექსიკონი. თარგმანი [2]
წმინდანები [13]
ეკლესია მონასტრები [8]
სასწაულები [19]
დღესასწაულები [64]
ფილმები [3]
სიწმინდეები [2]
ვიდეო მასალა [12]
პატრიარქი [2]
ლოცვანი [2]
ხატები [4]
საქართველო-სამშობლო [7]
ტელე - რადიო [6]
კალენდარი+ვიდეოკალენ [5]
ქადაგებები [10]
ბიბლია [2]
სხვა და სხვა [45]

ძებნა

მოვლენათა კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

შესვლის ფორმა

რჩეული საიტები

ამინდი

მოუსმინეთ

საეკლესიო კალენდარი

ჩვენი გამოკითხვა
გამოკითხვა
სულ პასუხები: 417

სტატისტიკა

სულ ქსელში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მართლმადიდებელი ქრისტიანობა..com. ინტერნეტში მართლმადიდებლური რესურსების კატალოგი

ქვეყნების სტატისტიკა
free counters

განიტვირთეთ

საიტის ბანერი
 
თუ მოგეწონათ განათავსეთ ბანერი თქვენს საიტზე. კოდი: <script type="text/javascript" src="//mrwamsi.ucoz.com/rtr/1-3"></script>


მთავარი » 2010 » ნოემბერი » 6 » კაცხის სვეტი
კაცხის სვეტი
00:10

კაცხის სვეტიდან ბერის ლოცვა საქართველოსთვის დიდი მადლია
 
საქართველოში ბევრი წმინდა ადგილია, მაგრამ ბევრი მათგანის შესახებ ერში არაფერი ვიცით. მათ შორისაა იმერეთში, ჭიათურაში კაცხის წმინდა სვეტი, სადაც ოდესღაც მესვეტე ბერები მოღვაწეობდნენ. საქართველოში მესვეტეობას საფუძველი ასურელმა მამებმა ჩაუყარეს. მეცნიერთა ვარაუდით, ასურელი მამები მოწაფეები უნდა ყოფილიყვნენ სირიაში, შავ მთაზე მოღვაწე მამის, სვიმონ მესვეტისა.

გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი კაცხის სვეტს ასე აღწერს: "...აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა ამოყვანილი ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა აღავლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა".

ლეგენდის მიხედვით, ვინც კაცხის სვეტზე ავიდოდა, თვალები დაევსებოდა. პირველად იქ ალპინისტ ალიოშა ჯაფარიძის მეთაურობით ჯგუფი ავიდა. მათ შორის მწერლები ლევან გოთუა და აკაკი ბელიაშვილიც იყვნენ. მათ იქ ქვით ნაშენი, დანგრეული პატარა ზომის ეკლესია დახვდათ. მის სამხრეთით იყო აკლდამა, რომელშიც ერთი ადამიანის ჩონჩხი ესვენა. იქვე იყო ექვსი ცალი ქვევრი წყლის მარაგისთვის, ბერების საცხოვრებელი, კელია. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ იქ მესვეტე ბერები ცხოვრობდნენ. არავინ იცის, უკანასკნელი მათგანი როდის გარდაიცვალა და როდის შეწყდა სვეტზე ცხოვრება.

უფლის ნებით, დაახლოებით 15 წლის წინ იმ ადგილას განდეგილი ბერი დასახლდა. კაცხის სვეტზე პირველად მაშინ აინთო ნაკურთხი სანთელი. მალე იქ სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და კაცხის სვეტზე მესვეტე, განდეგილი ბერი დაიწყებს ცხოვრებას.

ჩვენი რესპონდენტის, ნინო ხუციშვილის დედულეთი ჭიათურაშია. ამიტომ კაცხის წმინდა სვეტზე ბავშვობიდან ჰქონდა გაგონილი. ახლა კი ის ადგილი მისი ოჯახისთვის საოცრად ბევრს ნიშნავს. ამბობს, რომ იქიდან მისი ოჯახის ყველა წევრს საოცარი მადლი ეფინება. ფიქრობს, რომ სწორედ ამ მადლმა ტაძრამდე მიიყვანა. ნინო 25 წელი სხვადასხვა სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლში ცეკვავდა. გათხოვების შემდეგ კი სცენას ჩამოშორდა. მისი მეუღლე, ზვიად ზაქარეიშვილი, მართლმადიდებელი მრევლია. მათ ორი შვილი, ზაზა და საბა ჰყავთ. ოჯახი თბილისში ცხოვრობს, თუმცა ჭიათურას ხშირად სტუმრობს.

– თქვენს ოჯახში შემოსვლისთანავე იგრძნობა, რომ აქ მორწმუნეები ცხოვრობენ. სახლში უამრავი ხატი გაქვთ დაბრძანებული. დიდი ხანია, რაც ეკლესიაში დადიხართ?

– ღვთის მადლით, ჩემმა მეუღლემ გაცილებით ადრე დაიწყო ტაძარში სიარული. ის ლურჯი მონასტრის მრევლია. წირვა–ლოცვებს ხშირად ესწრება, დიდი ხანია, მარხვებს ინახავს. ორჯერ მოილოცა იურესალიმი, ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლას დაესწრო. ჩემი ოცნებაა, ამ სასწაულს მეც დავესწრო.

– ალბათ იერუსალიმიდან რწმენაში გაძლიერებული დაბრუნდა.

– სხვათა შორის, ამბობენ, ვინც იერუსალიმს მოილოცავს, მას ბოროტი განსაკუთრებით ებრძვისო. ეს რომ არ დამართნოდა, წმინდა მიწიდან ჩამოსვლის შემდეგ მონასტერში წავიდა, კერძოდ კი, ჭიათურაში, კაცხის სვეტთან, სადაც განდეგილი, მესვეტე ბერი, მამა მაქსიმე (ქავთარაძე) ცხოვრობს. ეს საოცრად წმინდა ადგილია. უფალი ყველას არ სწყალობს, რომ იმ ადგილას მოხვდეს და თანაც რამდენიმე ხანს ასეთი სულიერი მამის სიახლოვეს იცხოვროს. ზვიადმა ორჯერ საშობაო მარხვა მთლიანად იქ გაატარა. იქიდან საოცრად ბედნიერი, თითქოს გარდაქმნილი ჩამოდის ხოლმე. ყოველი ჩვენგანი ყოველი დღის ცოდვით ვცხოვრობთ. უცოდველები არავინ ვართ, მაგრამ უფალი მონანიებისა და ცხონების საშუალებას გვაძლევს და ეს ყოველმა ქრისტიანმა უნდა გამოიყენოს.

– ნინო, ალბათ ბევრს არც კი სმენია კაცხის წმინდა სვეტის შესახებ. იქნებ მასზე და იქ მოღვაწე მესვეტე ბერზე მეტი რამ გვიამბოთ.

– ჭიათურა ჩემი დედულეთია. ზაფხულობით ყოველთვის იქ ჩავდივარ. წმინდა სვეტი წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. 1999 წელს ჩემი შვილი 4 წლის ხდებოდა. სალოცავზე ავედით და მამა მაქსიმე სწორედ იქ გავიცანით. ბზისგან ჯვრებს აკეთებდა. ჩემი მეუღლე მივიდა და უყურებდა, როგორ მუშაობდა.

– იქნებ მასზე მეტი რამ გვითხრათ.

– მამა მაქსიმე იმ ადგილას 15 წლის წინ, 8 თებერვალს მივიდა. მუხლამდე თოვლი იყო. სვეტს გარშემო მღვიმეები აქვს. ბერი სწორედ ერთ–ერთ მღვიმეში დასახლდა. გაუსაძლის ზამთარში, საშინელ ყინვაში, ფიცარნაგზე იწვა. მხოლოდ გოგირდს ახრჩოლებდა, რომ ქვეწარმავლებისგან თავი დაეცვა. ასე გაატარა წლები. ახლა სვეტზე სამლოცველოს აშენება დასრულებულია. მალე სვეტზე ავა და სამუდამოდ იქ დარჩება. საქართველოსთვის მესვეტე ბერის ლოცვა დიდი მადლი იქნება, რწმენაში უფრო გავძლიერდებით. ახლახან ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ზემო იმერეთში რომ ბრძანდებოდა, მამა მაქსიმეს წმინდა ილია წინასწარმეტყველის მედალიონი გადასცა და უთხრა, შენ შემდეგ, ვისაც საჭიროდ ჩათვლი, იმას მიეციო.

მისი გაცნობიდან ორი თვის შემდეგ ზვიადმა ისევ გამოთქვა სურვილი, რომ კაცხში წასულიყო. მაშინ უფროსი შვილი, ზაზა, მოსანათლი გვაყავდა. ვფიქრობდით, დიდი ნათლობა გადაგვეხადა. მამა მაქსიმემ ზვიადს ჰკითხა, ბავშვი თუ მონათლეთო. არაო, უპასუხა. მაშინ დღეს ვნათლავთო. ჩემმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, ზაზას ჩააცვი და დღეს უნდა გავნათლოთო. ნათლობის წმინდა საიდუმლო მაცხოვრის სახელობის ტაძარში მამა ამირანმა (მოდებაძე) შეასრულა. არ შემიძლია, მამა ამირანზეც არ ვთქვა. მას უდიდესი ღვაწლი და შრომა მიუძღვის იმაში, რაც იქ კეთდება. ის თავისი მრევლისთვის, ქვეყნისთვის ბევრ რამეს აკეთებს.

– კაცხის წმინდა სვეტი ახლოდან როგორ გამოიყურება?

– ერთი მხრიდან სიმაღლით 42 მეტრია, ზემოთ ფართი 110 კვადრატული მეტრია. ზემოთ სამლოცველო აშენდა.

– კაცხის სვეტზე ასვლა ყველას შეუძლია?

– ამაზე ერთ სასწაულს მოგიყვებით. ერთხელ ჩემი ძმა, ზვიადი და მათი მეგობარი რამდენიმე დღით მამა მაქსიმესთან წავიდნენ. გადაწყვიტეს, სვეტზე ასულიყვნენ. შუამდე რომ ავიდნენ, უცბათ კლდეს ლოდი მოსწყდა და ისეთი მტვრის ბუღი დადგა, ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ. ჩემი მეუღლე და ძმა უვნებლები გადარჩნენ, მათი მეგობარი რეანიმობოლით თბილისში გადმოიყვანეს, მაგრამ ისიც გადარჩა. იმ სიმაღლიდან რომ ჩამოვარდები და გადარჩები, ეს ნამდვილი ღვთის სასწაულია. მამა მაქსიმემ მაშინვე დასძინა, ესე იგი რაღაც ისეთი დანაშაული გქონდათ, რომ სვეტმა არ მიგიღოთო. სვეტზე განწმენდილი ადამიანები უნდა ავიდნენ. სანამ სამშენებლო სამუშაოები მიდის, მანამდე სვეტზე ალპინისტების მიერ დაყენებული კიბეებით შეიძლება ასვლა, მერე კი მოხსნიან, ზემოთ მხოლოდ მამაო დარჩება და ღვთის შეწევნით იცხოვრებს.

– იმ ადგილას მომხდარი სასწაულის შესახებ ხომ არ გაგიგიათ რაიმე?

– ამით არასოდეს დავინტერესებულვარ. ალბათ სვეტის ისტორია ბევრ რამეს უკავშირდება. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან და შესაწირს ტოვებენ, უფალს მადლობას უხდიან. ჩემი აზრით, ეს შესაწირი იმას უკავშირდება, რა ჩანაფიქრიც ჰქონდათ, აუსრულდათ.

– ნინო, თქვენ როგორ დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

– ჩემი ძმა ძალიან მორწმუნეა. ერთი პერიოდი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მედავითნეც იყო. ახლა კიევში ცხოვრობს და პეჩორის მონასტერს ხშირად მოილოცავს ხოლმე. ყოველთვის მეუბნებოდა, როცა ცუდ ხასიათზე ხარ, წუწუნებ და შენ ირგვლივ დეპრესიულ ფონს ქმნი, არასოდეს ფიქრობ, ილოცო და ტაძარში მიხვიდე, უფლის სახლში სხვანაირი სურნელი ტრიალებს, რომელიც მაგნიტივით მიგიზიდავსო. რამდენჯერმე მოვინდომე, ეკლესიაში მივსულიყავი და აღმსარებელი, მოზიარე გავმხდარიყავი, მაგრამ თითქოს რაღაც ძალა უკან მექაჩებოდა და მეუბნებოდა, არ წახვიდეო.

ერთ დღეს სახლიდან შეგნებულად გამოვედი იმ მიზნით, რომ ეკლესიაში მივსულიყავი. უმცროსი შვილი საბა გავიყოლე და ტაძარში წავედი. ეკლესიაში რომ შევედი, ჭაღარა მოძღვარი შემომეგება. მივესალმე. მას საოცარი ნათელი გადასდიოდა. ტაძარში სანთლები ავანთე, ლოცვა დავიწყე. 10–15 წუთის შემდეგ კიდევ ორი მამაო შემოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. სურვილი გამიჩნდა, იმ მამაოსთან მივსულიყავი, ვინც პირველი შემომეგება. ასეც მოვიქეცი. ის მოძღვარი მამა დავითი (გოცირაძე) გახლდათ. მას შემდეგ მისი სულიერი შვილი ვარ. მისი ქადაგებები, ლოცვა რწმენაში მაძლიერებს და ჩემთვის უდიდესი სიმშვიდე მოაქვს.

– გაგიჭირდათ ეკლესიური ცხოვრების დაწყება?

– თავიდან წირვის დროს ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. შინაგანი ბრძოლები მქონდა. თითქოს ვიღაც ჩამძახოდა, რომ ეკლესიიდან გავსულიყავი. მერე წავიკითხე ბერი გაბრიელის სიტყვები, სადაც წერს, ტაძარს სამი მწკრივი ბოროტი ჰყავს შემოკრული და ცდილობენ, ადამიანები ახლოს არ მიუშვანო. თუ კარი გახსენი და შიგ შეხვედი, უკვე მსუბუქდები. პირველად რომ ვიმარხულე, ძალიან გამიჭირდა. პირველმა ზიარებამ დიდი სიხარული მომიტანა.

– როგორ ფიქრობთ, უფრო ადრე რომ მისულიყავით ეკლესიაში, თქვენი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა?

– ვნანობ, რომ ტაძარში მისვლა დავაგვიანე. ადამიანებთან ურთიერთობაშიც შევიცვალე. ახლა უკვე ვცდილობ, რაღაც ჩარჩოში ჩავჯდე და რაც ადამიანს არ ეკუთვნის, ის არ ვაკადრო.

– ეკლესია მრავალშვილიანობას მოუწოდებს მრევლს. თქვენც ხომ არ აპირებთ ამ კურთხევის შესრულებას?

– ყველაფერი ხომ უფლის ნებაა. თუ ღმერთი ინებებს, შვილს კიდევ ვიყოლიებ.

ირინე მჭედლიძე
წყარო: sana.ge


 
კატეგორია: ეკლესია მონასტრები | ნანახია: 2588 | დაამატა: mrwamsi | ტეგები: სვეტი, ეკლესია, კაცხის | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
mrwamsi.ucoz.com ივლისი-2009 © 2024